

ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მასშტაბებმა და საფრთხემ ხელისუფლება იძულებული გახადა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, რასაც უამრავი შეზღუდვა და აკრძალვა ახლავს თან. ერთი მხრივ, ეს შეზღუდვები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად არის გატარებული, ხოლო მეორე მხრივ, იგივე შეზღუდვები დანაშაულის ჩადენის გზებს წარმოშობს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ფაქტორები, რომელსაც, ახალი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს დანაშაულის ჩასადენად და წაახალისოს ის ადამიანები, ვისაც ბევრი დრო და ნაკლები ფინანსური რესურსები აქვთ. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:
- – ადამიანები ძირითადად სახლიდან მუშაობენ და სრულად არიან მინდობილი ტექნიკურ საშუალებებს;
- – საზოგადოების ჩართულობის სათანადო გამორიცხვა ყოველდღიურობიდან იწვევს ზოგიერთი დანაშაულებრივი საქმიანობის უფრო მეტად დაფარვას;
- – დანაშაულებრივი საქმიანობა შეიძლება კიბერსივრცეში გადავიდეს;
- – შექმნილი სიტუაციისა და მედიაზე დამოკიდებულების გამო, მღელვარება და შიში გაზრდილია, რაც ადამიანის უფრო მეტ დაუცველობას იწვევს;
- – ცალკეულ ნივთებზე მოთხოვნის გაზრდა;
- – ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა, რაც მოქალაქის მობილურობას საგრძნობლად ამცირებს;
- მატერიალური სიდუხჭირე, რაც ადამიანს უკიდურესი ქმედებისკენ უბიძგებს;
- – დანაშაულის ჩასადენად ბევრი თავისუფალი დროის არსებობა.
ყოველივე აღნიშნული იწვევს ცალკეული ტიპის დანაშაულების მატების საფრთხეს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოსაყოფია საკუთრების წინააღმეგ მიმართული დანაშაულები, რომელიც, თანამედროვე ელექტრონული საშუალებების აქტიური ხელმისაწვდომობის ფონზე, გაცილებით ადვილი ჩასადენია. გამოსაყოფია, ასევე ის უხარისხო პროდუქტი, რომელიც ბოლო პერიოდშია ბაზარზე გაჩენილი და რეალურად ვირუსის გავრცელების გაცილებით მეტ რისკს ქმნის, ვიდრე ― პირიქით.
როდესაც საუბარია პოტენციურ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით თაღლითურ სქემებს, რომელიც ძალიან რთულად ამოსაცნობია და დიდ მატერიალურ ტვირთად აწვება საზოგადოებას. და ბოლოს, გამოსაყოფია კიბერდანაშაულები, რომელიც როგორც ითქვა თანამედროვე ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად მატულობს და შესაბამისად, მატულობს მისი გამოვლინების ხერხები და სახეები.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იდენტიფიცირებული რისკ-ფაქტორებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და ცალკეული რეკომენდაციების გათვალისწინება.
ზოგადი რეკომენდაცია კიბერდანაშაულების წინააღმდეგ იქნება პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვა, რაც შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების გატარებით:
o სოციალური ქსელებიდან არასაჭირო ინფრომაციის აღება
o ტოტალიზატორის ვებგვერდებიდან, ასევე, ნებისმიერი სხვა ვებგვერდიდან/აპლიკაციიდან, მიბმული საბანკო ბარათის წაშლა
o ყველა იმ საეჭვო ბარათის დაბლოკვა, რომელიც რაღაც პერიოდში სხვა ადამიანს გადავეცით
o მიმოწერიდან პირადი ინფორმაციის ამსახველი მონაცემებისა და სურათების წაშლა, ასეთი სახის სურათების წაშლა ტელეფონიდანაც
o იმ ელ. ფოსტების, სატელეფონო შეტყობინებების, ან ხმოვანი შეტყობინებების მკაცრი კონტროლი, რომელიც ერთი შეხედვით კანონიერი შეიძლება ჩანდეს.
ზემოთ ხსენებულ სხვა დანაშაულებზე ზოგადი რეკომენდაცია იქნება თითოეული ნახსენები დანაშაულის ჩადენის მაქსიმალურად გართულება პოტენციური დამნაშავისთვის. როგორც დამნაშავეს აქვს ბევრი თავისუფალი დრო, ისევე აქვს ბევრი თავისუფალი დრო პოტენციურ მსხვერპლსაც, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის მსხვერპლად არ გახდომის თაობაზე თავად შეიმუშავოს პრევენციის ან დანაშაულის კონტროლის ზომები. დანაშაულის პრევენციის პირველი ნაბიჯები სწორედ საზოგადოებაში უნდა ვეძიოთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დანაშაულთა უმეტესობის ჩასადენად სამი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორია საჭირო:
1. მოტივირებული დამნაშავე ― შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ასეთი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს. ცხადია აქ სიტყვა დამნაშავე მხოლოდ პირობითია.
2. შესაძლებლობის არსებობა ― აქ იგულისხმება დანაშაულის ჩადენისთვის შესაძლებლობის არსებობა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამის უამრავი შესაძებლობა არსებობს. ასევე, ადამიანების უმეტესობა, რომელიც დროებით ან ამის გარეშე, სამსახურის გარეშეა დარჩენილი, ყველაზე მეტად რასაც ფლობს არის თავისუფალი დრო. თავისუფალი დროის არსებობა კი, დანაშაულის დასაგეგმად უმთავრესი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა კანონიერი გზა არ ჩანს.
3. გამოაშკარავების საფრთხის ნაკლებობა ― შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყნის ძირითადი აქცენტი და რესურსი გადატანილია ვირუსთან ბრძოლაზე, მინიმუმ მეორე ხარისხოვანი ხდება დანაშაულთან ბრძოლა, ან მისთვის ყურადღების მიქცევა. ეს კი, დღევანდელ მედიაზირებულ საზოგადოებაში, კარგად უწყიან ზედა ორი ფაქტორის მქონე ადამიანებმა, რომლებიც სარგებლისა და საზღაურის გამოთვლის რაციონალურ პროცესში, სავარაუდოდ უფრო მეტ სარგებელს ნახავენ და დანაშაულის ჩადენისკენ გადაიხრებიან.
წინამდებარე ბლოგი უფრო მოცულობითი სახით წარმოდგენილია ცალკე დოკუმენტად. მის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://drive.google.com/file/d/1yGe7NUCrppR-v9i3s__BwZH4xUwfKhaH/view?ts=5ea143d7
ავტორი: უშანგი ბახტაძე