რასიზმი სპორტში

რასიზმი სპორტში

ადამიანის უფლებებით ეფექტიანი სარგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, ყველას ჰქონდეს თავისუფალი ნება, განავითაროს და შეინარჩუნოს საკუთარი ფიზიკური, გონებრივი თუ მორალური ძალა. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის – იუნესკოს საერთაშორისო ქარტიის 1.1 მუხლით დაცულია ყველა ადამიანს ფუნდამენტური უფლება ჰქონდეს წვდომა ფიზიკურ აღზრდაზე, სპორტზე და ჩაერთოს სხვადასხვა სახეობის სპორტულ აქტივობებში დისკრიმინაციის გარეშე. კერძოდ, დაუშვებელია დისკრიმინაცია სქესის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, აგრეთვე, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის გამო ან სხვა საფუძვლით.

ფიზიკურ აღზრდაზე წვდომა და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორიენტირებული იყოს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სპორტული გარემოს შექმნაზე, რადგან სპორტი გავლენას ახდენს განვითარების ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, დასაქმება, სოციალური ჩართულობა, პოლიტიკური განვითარება, მშვიდობა და უსაფრთხოება.

რასიზმის მაგალითები სპორტში

XXI საუკუნე  ტოლერანტობისა და ჰუმანურობის ერად მიიჩნევა, თუმცა ადამიანებს კვლავ აქვთ შიში და გაუცხოება განსხვავებული კანის ფერის მქონეთა მიმართ. მიუხედავად თეთრკანიანი ადამიანების „ბულინგის“ არაერთი დადასტურებული ფაქტისა, რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლთა სტატისტიკაში კვლავ შავკანიანები ჭარბობენ.

სწორედ რასიტული შეძახილების გამო, 2019 წელს UEFA-მ თბილისის „დინამო“ დასაჯა. ამის მიზეზი კლუბის გულშემატკივრების რასისტული ქმედება გახდა, რაც გამოვლინდა აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გამართულ მატჩზე. სწორედ ამიტომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან“ „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე გაიმართა. დინამოს კი დაევალა სტადიონზე გამოეფინა ბანერი, წარწერით #EqualGame (თანაბარი თამაში). გარდა ამისა, UEFA -ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები ხშირია საზღვარგარეთ. 2018 წელს, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტმა, სპორტსმენების დისკრიმინაციის 52  ხოლო, საერთაშორისო მასშტაბით 137 შემთხვევავა დააფიქსირა. მათ შორის რასისტული შეტევის მსხვერპლი გახდა NBA-ის მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი. 2017 წლის ივნისში ჯეიმსის სახლი ვანდალურად დააზიანეს რასისტული წარწერებით, რაც მიუთითებს შავკანიან სპორტსმენად ყოფნის სირთულეზე. რასობრივი დისკრიმინაციის არაერთ ფაქტს იხსენებს „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, იაია ტურე. ნახევარმცველი FIFA-სა და UEFA-ს აკრიტიკებს გულგრილობის გამო და უკრაინულ „მეტალურგში“ გატარებულ პერიოდს რასისტული შეტევების კონტექსტში იხსენებს. იაია ტურეს მიმართ არა მხოლოდ მეტოქის გულშემატკივრები იყვნენ უარყოფითად განწყობილნი, არამედ საკუთარი გუნდის ქომაგებიც.  ისინი ტურეს ნიჭის ნაცვლად მის კანის ფერზე ამახვილებდნენ ყურადღებას და მას მაიმუნს ადარებდნენ, ხშირად მის პაროდიასაც კი აკეთებდნენ ტრიბუნაზე და გამუდმებით სკანდირებდნენ რასისტულ ფრაზებს.  რასობრივ დისკრიმინაციზე საუბრობს ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა იულიამსიც და აღნიშნავს, რო შავკანიანი ქალები თეთრკანიან ქალებთან შედარებით ნაკლე ჰონორარს იღებენ, კერძოდ შავკანიანი ქალები 17 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე თეთრკანიანები.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რასისტული შემთხვევა სლოვაკეთის დედაქალაქში ბრატისლავაში მოხდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სლოვაკეთის და ინგლისის ნაკრებები ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. მაყურებელთა მხრიდან რასისტული შეძახილების და მძიმე შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა ინგლისის ნაკრების ორი შავკანიანი მოთამაშე: ემილ ჰესკი და ეშლი კოული. მატჩის დროს ფეხბურთის სლოვაკი ქომაგები ერთხმად სკანდირებდნენ, „Monkey, Monkey“! (მაიმუნი, მაიმუნი).  ბრატისლავის სტადიონზე მყოფნი ადასტურებენ, რომ ეს იყო არა ერთი ან მცირე ჯგუფი მაყურებლრბისა, არამედ მთელი მასა. ჰესკის თქმით, ხალხს თვით იქვე მყოფი სამედიცინო პერსონალიც კი აჰყვა. სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იურაი ობლოჟინსკიმ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ამგვარი საქციელი არ გამოხატავს სლოვაკეთის ფართო მოსახლეობის შეხედულებას. ასევე, დრამატული აღმოჩნდა 2018 წელს არსენალისა და ტოტენჰემის დაპირისპირება. მატჩში დამარცხებულ ტოტენჰემის გულშემატკივარს წაგებასთან ერთად ტვირთად ფინასური საინქციაც დააწვა. დაჯარიმების საფუძვლი ლონდონური დერბის დროს, ტოტენჰემის მიერ  არსენალის ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგისთვის ბანანის სროლა სახელდება. დაჯარიმების გარდა ტოტენჰემის ქომაგს აეკრძალა საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 4 წლის განმავლობაში.

კანის ფერის გამო სპორტსმენების შევიწროება ხდება არა მხოლოდ მაყურებლების,  არამედ თანაგუნდელების, მოწინააღმდეგე გუნდის წევრების, პერსონალისა და მწვრთნელების მხრიდანაც. აღსანიშნავია, რომ ისეთ სპორტის სახეობებში, როგორიცაა გოლფი და ჩოგბურთი, ნაკლებად ვლინდება რასიზმის ფაქტები. ეს იმით არის განპიროეებული, რომ ფერადკანიანი მოსახლეობა ამერიკელთა ღარიბ ფენას განეკუთვნება და ნაკლებად აქვს საშუალება, სპორტის ისეთი სახეობებით დაკავდეს, როგორებიცაა გოლფი და ჩოგბურთი, რადგან ისინი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სპორტული ფედერაციები მუშაობდნენ რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემის გადაჭრაზე. სპორტულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მსგავსი ტიპის დისკრიმინაციისა და შევიწროების გამოვლენის შემთხვევაში. სპორტული ფედერაციების მხრიდან უნდა მოხდეს სპორტსმენების წახალისება, რათა მათ ღიად ისაუბრონ დისკრიმინაციის ფაქტებზე, რომლებსაც ისინი განიცდიან ან შეესწრებიან.

UEFA-ს სტრატეგია რასიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ

სპორტში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა UEFA-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. სწორედ ამიტომ, მან არაერთი გეგმა შეიმუშავა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა 2009 წელს, ლიეტუვაში, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებები რომლებიც სამსაფეხურიანი სისტემის სახელით მოიხსენიება, ყველაზე ქმედითი აღმოჩნდა. მატჩის მთავარ არბიტრებს პირველად სამსაფეხურიანი სისტემის გამოყენების უფლება  2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მიეცემათ.

ოფიციალური სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც რასიზმთან ბრძოლის სამსაფეხურიან სისტემას გულისხმობს, ეხმარება სპორტსმენებს, მწვრთნელებს და სხვა ოფიციალურ პირებს, დაიცვან თავი რასისტული შევიწროებისგან სტადიონებზე. აღნიშნული მითითებები მსაჯებს აძლევს უფლებას, თავდაპირველად შეაჩერონ თამაში და თუ რასისტული ქცევა კვლავ გაგრძელდება, სრულიად გააუქმონ მატჩი. მითითებების სამსაფეხურიანი სისტემა ასე გამოიყურება:

პირველი ნაბიჯი: მას შემდეგ რაც მსაჯი შეიტყობს რასისტული ქმედების შესახებ, ის უფლებამოსილია შეწყვიტოს თამაში.  ამის შემდეგ, რასისტული ქმედების განმახორციელებელთა მიმართ, რომლებიც ძირითადად მაყურებლები არიან, სტადიონზე კეთდება ზეპირი მოწოდება ქმედების შეწყვეტის მიზნით.

ნაბიჯი მეორე: თუ თამაშის გაგრძელების შემდეგ რასისტული მოქმედებები და შეძახილები კვლავ არ შეწყდება, მსაჯი უფლებამოსილია შეაჩეროს მატჩი გონივრული ვადით, მაგალითად, 5 ან 10 წუთით და გუნდებს სთხოვოს გასახდელებისკენ წასვლა. აღნიშნულის შემდეგ, კვლავ კეთდება ზეპირი, ხმამაღალი განცხადება რასისტული ქმედების შესაწყვეტად.

ნაბიჯი მესამე: თუ რასისტული ქმედება კვლავ გაგრძელდება თამაშის მეორედ დაწყების შემდეგაც, მსაჯი უფლებამოსილი ხდება სრულიად გააუქმოს მატჩში.

აუცილებელია, გადაწყვეტილება მატჩზე უარის თქმის შესახებ მიიღებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა შესაძლო ზომა გამოყენებული იქნება და აგრეთვე, სათანადოდ შეფასდება  მატჩის გაუქმების შედეგების გავლენა მოთამაშეებსა და საზოგადოებაზე. მატჩის დასრულების შემდეგ საქმე გადაეცემა UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტს. სანქციის ფორმად შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ფინანსური ჯარიმა, ისე მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება ან გუნდის დისკვალიფიკაცია.

დღეს არსებული რეალობა და გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ სპორტული ფედერაციების მიზანი უნდა იყოს, ხელი შეუწყოს უახლოეს პერიოდში ქცევის კოდექსის ძალაში შესვლას, რომელიც დისციპლინური სანქციების დანერგვით ხელს შეუწყობს დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენას და მათ დასჯას. აგრეთვე აუცილებელია, სპორტში ძალადობისა და სიძულვილის ენის დაგმობის შესახებ სპორტის სფეროში მოღვაწე პირების ცნობიერების ამაღლება, რათა საბოლოოდ სპორტი გახდეს ადამიანების ინდივიდუალურ შესაძლებლობების გამოვლენის ასპარეზი.

 

თამარ წულუკიძე