პაციენტის უფლებები საქართველოში

პაციენტის უფლებები საქართველოში

ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც ყოფილა პაციენტი. თუმცაღა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ვივიწყებთ იმ უფლებებს, რასაც ვიძენთ სამედიცინო დაწესებულებაში ფეხის შედგმისას.  ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც მივდივართ გეგმიურ ან არაგეგმიურ ვიზიტზე ექიმთან და გვინდა საკუთარი ჯანმრთელობა რაც შეიძლება მალე ჩადგეს მწყობრში, ან თუნდაც შეწყდეს ის ტკივილი, რომლის გამოც მივმართეთ სამედიცინო მომსახურების გამწევს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგის მიზანია, პაციენტს გააცნოს ის უფლებები, რომელთა რეალიზაციის გარეშეც მას შეიძლება მიადგეს ზიანი. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის შეიძლება შეიზღუდოს ჩვენი, როგორც პაციენტის უფლებები.

უპირველეს ყოვლისა უნდა დავიწყოთ იმით, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ფუნდამენტური მნიშვნელობის გათვალისწინებით, დასახელებული ორივე აქტი შეიცავს არაერთ გამონაკლისს, როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას, შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის ცალკეული უფლებები. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანები ხშირად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს და ხდებიან პაციენტები („ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით“). პაციენტს „პაციენტის უფლებების შესახებ“ (შემდგომში „კანონი“) საქართველოს კანონით ზოგადად გააჩნია შემდეგი უფლებები:

  • – მიიღოს საქართველოში აღიარებული და დანერგილი სამედიცინო მომსახურება.
  • – კანონი ასევე კრძალავს დისკრიმინაციას შემდეგი ნიშნების მიხედვით: „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის“.
  • -პაციენტს შეუძლია აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი, ასევე მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას მეორე აზრის მოსაძიებლად.
  • – პაციენტს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მისი შელახული უფლებების დაცვის მიზნით.

 

მკურნალობის და მოვლის უფლება

ხშირ შემთხვევაში, როცა რაიმე სერიოზული გვაწუხებს, ჩვენ არ ვიცით, როგორ ვიმკურნალოთ და მოვუაროთ თავს სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად. სწორედ ამიტომ ვსაჭიროებთ პროფესიონალის დახმარებას. მკურნალობის უფლებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენტსა და მის ახლობლებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შესახებ. მაგალითად, კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს, რომ თუ პაციენტს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო მომსახურების გამწევს არ აქვს დახმარების შესაძლებლობა, იგი ვალდებულია, სრული ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, სად შეძლებს პაციენტი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

ხოლო, იმ იშვიათი დაავადებების მკურნალობას, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში „ჯანდაცვის სამინისტრო“), სახელმწიფო ახორციელებს ქვეყანაში დანერგილი და აღიარებული სამედიცინო მომსახურებით.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც არის ადამიანთა ან/და რესურსების დეფიციტი, სამედიცინო კრიტერიუმებით არჩევენ, თუ ვის გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას.

კანონი ასევე უზრუნველყოფს პაციენტის უფლებას, მოითხოვოს სამედიცინო მომსახურების გამწევისგან თავისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა.

 

ინფორმირების უფლება

წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ გარკვეული ტიპის ჩივილები, მიხვედით ექიმთან კონსულტაციაზე, ის არ გეუბნებათ თქვენს დიაგნოზს და გთავაზობთ მკურნალობას ისე, რომ არ იცით რა გჭირთ. ინფორმაციის გარეშე პაციენტი არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად ზარალდება. მან არ იცის მისი პრობლემა რამდენად სერიოზულია და არ უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას. ან შესაძლებელია, პირიქით იყოს, უმნიშვნელო სიმპტომებიც კი  სერიოზული დაავადების გამომწვევი ჰგონია და მუდმივად იტანჯება ამაზე ფიქრით. სწორედ ამიტომ უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა დაავადება გვაწუხებს. ზოგადად, მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც იზიარებს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის საფუძველზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს  სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიღების უფლება აქვს, თუკი აღნიშნული ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ან პირიქით — უარყოფითად მოქმედებს მასზე. აღნიშნული ინფორმაცია კი უნდა მიეწოდოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პაციენტს, მისი თანხმობის ან მცირეწლოვანების შემთხვევაში, მის ნათესავებს ან კანონიერ წარმომადგენელს, უფლება აქვთ გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს პაციენტთან დაკავშირებით, წერილობით მოითხოვონ და მიიღონ ჩანაწერების ასლი. ასევე, მოითხოვონ აღნიშნულ ჩანაწერებში ინფორმაციის შესწორება. სამედიცინო ჩანაწერებში კი ინახება როგორც ძველი, ისე შესწორებული ინფორმაცია.

პაციენტის მიერ მიღებული ინფორმაცია შეიძლება უკავშირდებოდეს:

  • სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ დეტალებს, მათ შორის რესურსებს, მათი მიღების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმებს;
  • კანონისა და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესიდან გამომდინარე პაციენტის უფლებებსა და მოვალეობებს;
  • ინფორმაციას თუ რა რისკი მოჰყვება პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას და რამდენად ეფექტური იქნება იგი;
  • გამოკვლევების შედეგებს;
  • ინფორმაციას თუ რა ალტერნატივა არსებობს სამედიცინო მომსახურების მიღებისას და რა რისკი და ეფექტიანობა მოჰყვება მას.
  • განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე უარის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებს;
  • ინფორმაციას „დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ“;
  • სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობასა და პროფესიულ გამოცდილებას;

 

თუ პაციენტი მცირეწლოვანია, ან მას არ შესწევს გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაშინ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას გადასცემენ მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს; მათ ყოველგვარი ინფრომაცია მიეწოდება იმის გათვალისწინებით, რამდენად შეუძლიათ აღიქვან ინფორმაცია. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ დიაგნოზის, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ განმარტებები უნდა მიეცეთ ტერმინოლოგიის მინიმალური გამოყენებით.

ასევე, პაციენტს შეუძლია უარი განაცხადოს ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიწოდებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ამგვარი ქმედება ზიანს აყენებს მის ან/და მესამე პირების სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას.

თუ პაციენტის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიმყენებელი იქნება ინფორმაცია, მას შეიძლება არ მიეწოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები. სამედიცინო მომსახურების გამცემი მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს მონაცემებს სრულად, თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს.

ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ან მის ნაწილობრივ მიწოდებაზე გადაწყვეტილებას ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში — სხვა ექიმი. ინფორმაციის მიუწოდებლობასა თუ ნაწილობრივ მიწოდებაზე გადაწყვეტილება უნდა დაფიქსირდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

ქმედუნარიანი პირი თავად წყვეტს ვინ მიიღებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. თუკი, იგი ასახელებს ამგვარ პირს, აუცილებლად უნდა იქნეს დაფიქსირებული სამედიცინო დოკუმენტებში.

 

თანხმობა

ასევე უმნიშვნელოვანესია პაციენტის თანხმობა, ვინაიდან საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გვსურდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რასაც გვთავაზობს სამედიცინო მომსახურების გამწევი. კანონი იცნობს ტერმინს — „ინფორმირებული თანხმობა“, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდების შემდგომ პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. ინფორმირებული თანხმობის გარეშე პირს არ გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას.

კანონის თანახმად, წერილობითი ინფორმირებული თანხმობის გაცხადება აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;

ბ) აბორტი;

გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;

დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;

ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;

ზ) გენეტიკური ტესტირება;

თ) გენური თერაპია;

ი) სხივური თერაპია;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;

ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

სამედიცინო მომსახურების გაწევისას წერილობითი თანხმობა ასევე აუცილებელია იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც არიან მცირეწლოვანი, ან არ შეუძლიათ მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება.

ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ უარი განაცხადონ სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, შეწყვიტონ უკვე დაწყებული მომსახურება. პაციენტი კი უნდა იყოს ინფორმირებული,  რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. აკრძალულია ასეთი პაციენტების სურვილის საწინააღმდეგოდ სამედიცინო მომსახურების გაწევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს მოქალაქეს ასევე წინასწარ შეუძლია წერილობით გამოხატოს ნება, თუ როგორ მოიქცნენ ექიმები იმ შემთხვევაში, თუ იგი აღმოჩნდება უგონო, ან ისეთ მდგომარეობაში, როცა მოკლებულია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს. ასევე, მას წინასწარ შეუძლია დაასახელოს ისეთი პირი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე.

თუკი, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების გამწევს აქვს უფლება, რომ მისი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ან თუკი პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას და მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს ვერ პოულობენ, მაშინ სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას. თუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხერხდება წარმომადგენლის მოძიება და იგი წინააღმდეგია ჩატარდეს ნებისმიერი პროცედურა, მომსახურების გამწევი თავად იღებს გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის შესახებ ინფორმაციას იყენებენ სასწავლო მიზნებისთვის, აუცილებელია მისგან მიიღონ მისგან თანხმობა. ხოლო, თუ პაციენტი არ არის იდენტიფიცირებადი, მაშინ ამგვარი თანხმობის მიღების საჭიროება არ არსებობს.

 

კონფიდენციალურობა

ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები არ საუბრობენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუნდაც ის, რომ შესაძლებელია, ისინი საკმარისად კარგად არ იცნობენ იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ან თუნდაც არ უნდათ, რომ საზოგადოების მხრიდან განხილვის საგანი გახდეს მათი პირადი ცხოვრება. სწორედ ამიტომ უნდა გავამხავილოთ ყურადღება იმაზე, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, როგორც სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამონაკლისები.

ინფორმაცია იმ შემთხვევაში უნდა გამჟღავნდეს, თუკი:

  • პაციენტი თავად არის თანახმა;
  • ინფორმაციის დაფარვით საფრთხე ექმნება მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
  • როგორც უკვე აღინიშნა, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას იყენებს მისი იდენტიფიცირების გარეშე;
  • ინფორმაცია ეხება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტს;
  • კანონი ითვალისწინებს აღნიშნულს.

თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი ამ მომსახურებაში მონაწილე სხვა პირებს უმჟღავნებს პაციენტის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას, პაციენტის თანხმობა ნაგულისხმევად ითვლება.

პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება მაშინ აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევს, თუ იგი აუცილებელია პაციენტის დაავადების კვლევისა და მკურნალობისათვის (ასეთ დროს პაციენტის თანხმობა აუცილებელია), თუ საფრთხე ექმნება მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება ძალადობა და არსებობს მისი განმეორების რისკი.

სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესს უნდა დაესწრონ მხოლოდ ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ. გამონაკლისია, როდესაც პაციენტი თავად არის თანახმა ან ითხოვს სხვა პირთა დასწრებას;

რომ შევაჯამოთ, ამ ბლოგში განხილულ იქნა თუ რა უფლებები გააჩნია პაციენტს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, გადაუხვიოს სამედიცინო მომსახურების გამწევმა პაციენტის უფლებებს.

ნინო ბერიძე