ოლიმპიადის სამართლებრივი მოწესრიგება, COVID-19 და ტოკიო 2020

ოლიმპიადის სამართლებრივი მოწესრიგება, COVID-19 და ტოკიო 2020

სპორტული აქტივობა ადამიანის უფლებაა. თითოეულ პიროვნებას უნდა გააჩნდეს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფალი ვარჯიშის საშუალება იმ ოლიმპიური სულისკვეთებით, რომელიც მოითხოვს ურთიერთგაგებას და ეფუძნება მეგობრობის, სოლიდარობისა და სამართლიანი თამაშის პრინციპს ― ოლიმპიური ქარტია.

ყველაზე პოპულარულ სპორტულ შეჯიბრს ― ოლიმპიურ თამაშებს, საფუძველი ჩაეყარა საბერძნეთში, ქალაქ ოლიმპიაში ძვ.წ. 776 წელს. საუკუნეების განმავლობაში ეს კომპლექსური სპორტული შეჯიბრი არ კარგავს აქტუალობას და არ ღალატობს თავის პრინციპებს ― მსოფლიოს ახალგაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშები, ზაფხულსა და ზამთარში, 4 წლიანი ინტერვალით ტარდება. ოლიმპიადის პერიოდი არის ოთხი თანმიმდევრული კალენდარული წლის დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება პირველი წლის პირველ იანვარს და სრულდება მეოთხე წლის ოცდათერთმეტ დეკემბერს.

ოლიმპიური თამაშები ინომრება თანმიმდევრულად პირველი თანამედროვე ოლიმპიური შეჯიბრებიდან, რომელიც ჩატარდა ათენში, 1896 წელს. მიზანია ის, რომ თუკი თამაშები არ ჩატარდება რაიმე მიზეზის გამო, მან კვლავ შეინარჩუნოს პირვანდელი სახელწოდება.

 

 ოლიმპიური მოძრაობის მმართველი ორგანოები

 

ოლიმპიური თამაშების ჩატარებას კურირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ორგანიზაცია ― საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის საქმიანობის მიზანია ოლიმპიური თამაშების აღორძინება. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ იქნა შემუშავებული ოლიმპიური ქარტია, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ოლიმპიური თამაშების სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით. ზემოაღნიშნული ქარტია არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: თამაშის ჩატარების დრო და ადგილი, მასპინძელი ქალაქის არჩევა, ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლებამოსილების ჩამორთმევა, ასაკობრივი შეზღუდვა, გასატარებელი ზომები და სანქციები, დავების გადაწყვეტა, გასაჩივრების წესი და სხვა.

თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ჩამოყალიბების თარიღად მე-19 საუკუნის მიწურული მიიჩნევა. მოძრაობის ჩამოყალიბების მიზანი იყო სპორტის სწრაფი განვითარება, ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ასოციაციების ჩამოყალიბება და საერთაშორისო შეხვედრების ჩატარება.

ოლიმპიური მოძრაობის სამი ძირითადი შემადგენელი ელემენტია: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), საერთაშორისო სპორტული ფედერაციები (IFS) და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი(NOCS).

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი წარმოადგენს განუსაზღვრელი ვადით მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას. მას აქვს ასოციაციის ფორმა და იურიდიული პირის სტატუსი, რომელიც აღიარებულია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ 2000 წლის 1-ელ  ნოემბერს ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით. ოლიმპიური დედაქალაქი (IOC-ის შტაბ-ბინა) მდებარეობს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) დაკომპლექტებულია, 8 წლის ვადით არჩეული, ფიზიკური პირებისგან, რომელთა საერთო რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 115 პირს. მის შემადგენლობაში შედიან: მოქმედი სპორტსმენები, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და IOC-ს მიერ აღიარებული სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების პრეზიდენტები (ან მათი აღმასრულებელი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირები) და აგრეთვე, ეროვნული და კონტინენტური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თითოეული წევრი ვალდებულია დაემორჩილოს „ოლიმპიურ ქარტიას“, ეთიკის კოდექსს და IOC-ის დადგენილებებს. წევრებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ სესიებისა და კომისიების მუშაობაში. ოლიმპიური ქარტიის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ექვს შემთხვევას, როდესაც ოლიმპიური კომიტეტის წევრი კარგავს სტატუსს, ესენია:

1. პირის გადადგომა ― კომიტეტის წევრი პრეზიდენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას გადადგომის შესახებ.

2. ხელახლა აურჩევლობა ― 8 წლის გასვლის შემდეგ აღარ მოხდება აღნიშნული წევრის ხელახლა არჩევა.

3. ასაკობრივი შეზღუდვა ― კომიტეტის წევრი კარგავს სტატუსს იმ კალენდარული წლის ბოლოს, როდესაც მას შეუსრულდება 70 წელი.

4. სესიებში აქტიური მონაწილეობის უუნარობა ― ზედიზედ 2 წლის განმავლობაში წევრის პასიურობა.

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ― სხვა ქვეყანაში გადასვლისთანავე კომიტეტის წევრი კარგავს სტატუსს.

6. გარიცხვა ― კომიტეტის წევრის მიერ ფიცის დარღვევა, უგულვებელყოფა ან შეგნებულად IOC-ის ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება ან უღირსი საქციელის ჩადენა.

რაც შეეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს (IOC), მისი უფლებამოსილებები ხორციელდება შემდეგი სამი ორგანოს: სესიის და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს და მათ სათავაში მდგომი პრეზიდენტის მეშვეობით. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ოლიმპიური ქარტიის მე-18 მუხლის მიხედვით, სესია არის IOC-ის უმაღლესი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებებიც საბოლოოა. სესიის უფლებამოსილებებში შედის: „ოლიმპიურ ქარტიაში“ ცვლილებების შეტანა, ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა, წლიური ანგარიშებისა და მოხსენებების დამტკიცება, აუდიტის დანიშვნა, წევრების არჩევა, გარიცხვა და მათი სტატუსის გაუქმება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო პასუხისმგებელია სესიების ორგანიზებასა და მომზადებაზე. აღმასრულებელი საბჭო შედგება პრეზიდენტის, ოთხი ვიცე-პრეზიდენტისა და ათი სხვა წევრისგან. ის მონიტორინგს უწევს ოლიმპიური ქარტიის დაცვას, ადგენს წლიურ საერთაშორისო მოხსენებებს, ზედამხედველობს ოლიმპიურ თამაშებს, ადგენს სესიების დღის წესრიგს, გამოაქვს გადაწყევტილებები, გამოსცემს აქტებს, ანიჭებს საპატიო ჯილდოებს.

ოლიმპიური ქარტის მე-19 მუხლის მიხედვით, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა თავი უნდა შეიკავონ სესიაში მონაწილეობისგან თუ კენჭისყრა ეხება ოლიმპიური თამაშების მასპიძელი ქალაქის არჩევას, რომლის მოქალაქეც არის საბჭოს ეს წევრი, აგრეთვე თუკი კენჭისყრა ეხება სესიის, ოლიმპიური კონგრესის ან ნებისმიერი სხვა ღონისძიების ჩასატარებელი ადგილის არჩევას იმ ქვეყნის ქალაქში ან სახელმწიფო იურისდიქციაში, რომლის მოქალაქეც არის ეს საბჭოს წევრი, ასევე თუკი IOC-ის წევრობის კანდიდატი მისი თანამემამულეა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელ საბჭოს შეუძლია ჩაატაროს სხდომა ტელეკომუნიკაციის ან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მას ირჩევს სესია, თავისივე წევრებისგან, ფარული კენჭისყრით. პრეზიდენტს უფლებამოსილება უნარჩუნდება 8 წლის ვადით, რომლის განახლებაც შესაძლებელია ხელახალი არჩევის შენთხვევაში, 4 წლის ვადით.

ოლიმპიური ქარტიის მე-20 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოადგენს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და ხელმძღვანელობს მის ნებისმიერ საქმიანობას. პრეზიდენტი საჭიროებისამებრ ქმნის მუდმივმოქმედ, საგანგებო კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს. ოლიმპიურ კომიტეტში ძირითადად მოქმედებს, პრეზიდენტის მიერ შექმნილი, შემდეგი სახის კომისიები: IOC-ის სპორტსმენთა კომისია, IOC-ის ეთიკის კომისა, IOC-ის სარეკომენდაციო კომისია, ოლიმპიური სოლიდარობის კომისია, IOC-ის სამედიცინო კომისია და კანდიდატი ქალაქების შეფასების კომისია.

ოლიმპიური მოძრაობის მეორე უმნიშვნელოვანესი ელემენტია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (NOCS). მის შემადგენლობაში შედიან მოქმედი ან ყოფილი სპორტსმენები, რომლებსაც მონაწილეობა მიღებული აქვთ ოლიმპიურ თამაშებში. NOCS-ის მიზანია სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა ყველა დონეზე ― სკოლებში, სპორტული და ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში, აგრეთვე ისეთი დაწესებულებების შექმნა როგორებიცაა: ეროვნული ოლიმპიური აკადემია და ოლიმპიური მუზეუმი.

იმისათვის რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (NOCS) სრულყოფილად განახორციელოს საქმიანობა, აუცილებელია ის აღიარებული იყოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ 1989 წელს თბილისში გამართულ კონფერენციაზე დაფუძნდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა წესდება და პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი. ეროვნული კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულყოფილ, ოფიციალურ წევრად 1993 წელს აღიარეს.

ოლიმპიური მოძრაობის მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი კი არის საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციები (IFS). IOC-ს შეუძლია საერთაშორისო ოლიმპიურ ფედერაციებად აღიაროს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელმძღვანელობენ სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობას. აღნიშნული ფედერაციების მიზანია სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარება მსოფლიოს მასშტაბით, ამ სახეობების ტექნიკური კონტროლი და ოლიმპიური ქარტიის მიზნების მიღწევაში ხელშეწყობა.

 

ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევა

 

ოლიმპიური ქარტიისმიხედვით, ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას ყველა შეჯიბრი ტარდება მასპინძელ ქალაქში. 26-ე მუხლის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევა წარმოადგენს სესიის პრეროგატივას. არჩევა ხდება ოლიმპიური თამაშების ჩატარებამდე 7 წლით ადრე. აპლიკანტი ქვეყნის ეროვნულმა მთავრობამ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით, უნდა უზრუნველჰყოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია.

 ქალაქის არჩევის შემდეგ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ქმნის საორგანიზაციო კომიტეტს (OCOG), რომელიც შექმნის მომენტიდან ანგარიშვალდებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. აუცილებელია, რომ საორგანიზაციო კომიტეტს გააჩნდეს იურიდიული პირის სტატუსი თავის ქვეყანაში. სპორტსმენების, მწვრთნელების და პერსონალის ერთად თავშეყრის მიზნით, OCOG-მა უნდა მოაწყოს ოლიმპიური სოფელი.

 

ტოკიო 2020 და Covid-19

 

ზაფხულის რიგით XXXII ოლიმპიური თამაშების (2020 წ.) მასპინძელ ქვეყანად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური სესიის მიერ, იაპონია (ქ. ტოკიო) დასახელდა. მსოფლიო ოლიმპიური შეჯიბრის გახსნა 2020 წლის 24 ივლისს იგეგმებოდა და 17 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან ტოკიოში ჩაფრინდა, Covid-19-ის გამო, ესტაფეტა იაპონიაში მაინც ვერ გაგრძელდა და თამაშების გახსნის ცერემონიალი გადაიდო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), იაპონიის მთავრობის და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები 1 წლის ვადით გადაიდო. გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ― შინძო აბემ, გამოაცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობა გახლავთ, მიზანი კი თითოეული ათლეტის, მაყურებლებისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების 124 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოლიმპიური თამაშები გადაიდო. აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო სრულად გაუქმდა რიგით VI (1916 წელი), XII (1940 წელი) და XIII (1944 წელი) თამაშები.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განაცხადებით, მომავალ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეუნარჩუნდება ყველა ლიცენზიანტს (შესაბამისად, ყველა სახეობაში). ამჟამად 11 ათასი ოლიმპიელიდან ლიცენზია 57 პროცენტს აქვს მოპოვებული.

„ოლიმპიური ქარტიის“ 25-ე მუხლის თანახმად, ოლიმპიური თამაშების ჩაუტარებლობა იმ წელს, როდესაც, წესით იგი უნდა ჩატარებულიყო, იწვევს მასპინძელი ქალაქის უფლებების გაუქმებას. ოპლიმპიური კომიტეტი, არ იყენებს აღნიშნულ მუხლს ტოკიოს ოლიმპიადასთან მიმართებით და შეჯიბრი კვლავ იაპონიაში ჩატარდება. საგულისხმოა, რომ თამაშების დასახელება უცვლელი რჩება და 2021 წლის ოლიმპიური თამაშები ისევ „ოლიმპიური და პარაოლიმპური თამაშები ტოკიო-2020-ის“ სახელწოდებით გაიმართება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ოდენობით პროდუქციაზე არის დატანილი ოლიმპიური თამაშების არსებული ლოგო, მათ შორის, 5 ათასამდე ოლიმპიურ მედალზე. შესაბამისად, სახელის შეცვლა წარმოუდგენლად გაზრდიდა არსებულ ხარჯებს, რაც გამოიწვევდა დიდ ზიანს.

 

გასატარებელი სანქციები და დავის გადაწყვეტა

 

რიგით XXXII ოლიმპიადის ერთი წლით გადადება ზოგიერთი სპორტსმენისთვის დროულიც კი აღმოჩნდა. იმ ათლეტებს, რომლებსაც დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიკაციის ვადა წელს გასდით, საშუალება მიეცემათ, ერთი წლით გადავადებულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა.

ოლიმპიური ქარტიის, მსოფლიო ანტიდოპინგული კოდექსის, ან ნებისმიერი სხვა დებულების დარღვევის შემთხვევაში, აღმასრულებელი საბჭოს ან დისციპლინური კომისიის მიერ შეიძლება დაკისრებულ იქნეს შემდები ტიპის საანქციები:

1. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების მიმართ: საყვედურის გამოცხადება ან კონკრეტული პერიოდით უფლებამოსილების შეჩერება. აღნიშნული სანქციის გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომბინირებულად, ისე დამოუკიდებლად.

2. საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციების მიმართ: ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან სპორტის სახეობის, დისციპლინის ან ღონისძიების ამოღება, წინასწარი ან საბოლოო აღიარების გაუქმება.

3. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ: უფლებამოსილების შეჩერება, წინასწარი და საბოლოო აღიარების გაუქმება, სესიის ან ოლიმპიური კონგრესის ჩატარების უფლების ჩამორთმევა.

4. მასპინძელი ქალაქის, საორგანიზაციო კომიტეტისა (OCOG) და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ: ოლიმპიური თამაშების ორგანიზების უფლების ჩამორთმევა.

5. ინდივიდუალური სპორტსმენებისა და გუნდების მიმართ: ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების დროებით ან სამუდამოდ შეზღუდვა ან გარიცხვა, დისკვალიფიკაცია ან აკრედიტაციის ჩამორთმევა. ოლიმპიური ქარტიის დარღვევით მოპოვებული მედლები და დიპლომები უბრუნდება IOC-ს.

ნებისმიერი სანქციის დაკისრებამდე IOC-ის კომპეტენტური ორგანო გასცემს გაფრთხილებას. თითოერულ პირს აქვს უფლება, სანქციის დაკისრებამდე მოსმენილ იქნას IOC-ის შესაბამისი ორგანოს მიერ.

მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს 3 წელს, რომელიც აითვლება თამაშების დახურვის ცერემონიალის დღიდან. IOC-ის გადაწყვეტილებები საბოლოოა. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება მათი შესრულების ან ინტერპრეტაციის შედეგად, წყდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ ან წარედგინება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს.

 

ოლიმპიური თამაშების გადადებით გამოწვეული ფინანსური ზიანი

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადების მიხედვით, იგეგმება ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტის გადასინჯვა, კერძოდ ხარჯების შემცირება, რათა შემსუბუქდეს თამაშების გადავადებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი.

2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ოლიმპიური თამაშებისთვის დაგეგმილი იყო 12,6 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა. იაპონიის ეროვნული აუდიტის საბჭოს განცხადებით, კი ზიანი თითქმის მოსალოდნელი მოგების ორმაგ ოდენობას ― 22.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ოლიმპიური თამაშების გადადებამდე იაპონიაში გაყიდული იყო 4,48 მილიონი ბილეთი, ავტორიზებულ რეალიზატორებზე დამატებით გაიყიდა ასეულ ათასობით ბილეთი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, ბილეთების უცხოელ მფლობელთა მნიშვნელოვან ნაწილს უკვე გადახდილი ჰქონდა ტოკიოში საცხოვრებლის, ტურისტული, სატრანსპორტო თუ სხვა სახის მომსახურების ღირებულება. იაპონური მედიის ცნობით, გადავადებით გამოწვეულმა დამატებითმა ხარჯებმა შესაძლოა შეადგინოს 3 მილიარდი აშშ დოლარი. ვარაუდობენ, რომ ოლიმპიური თამაშების გადადება იაპონიის მთლიან შიდა პროდუქტს 1,5%-ით შეამცირებს.

არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში, ტოკიოს თამაშებისთვის მოსამზადებლად და მონაწილეობისთვის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების დასახმარებლად 25,3 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ხოლო, ოლიმპიური სოლიდარობა 57 მილიონ აშშ დოლარამდე გაუზრდის ბიუჯეტს ოლიმპიური კომიტეტის პროგრამას. აგრეთვე, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მხარდასაჭერად 15 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა ოლიმპიური სოლიდარობის ათლეტთა სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც აფინანსებს 1600-ზე მეტ სპორტსმენს.

უკანასკნელი ცნობებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, გადავადებული ტოკიოს თამაშების გამართვის ახალ ოფიციალურ პერიოდად 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით არსებული დროის მონაკვეთი განსაზღვრა, პარაოლიმპიური თამაშებისთვის კი ― 24 აგვისტო ― 5 სექტემბერი.

მიუხედავად თამაშების გადადებით გამოწვეული სირთულეებისა და არსებული ფინანსური სიძნელეებისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოპტიმიზმით უყურებს 2021 წლის ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების პერსპექტივას და მომავალ თამაშებში, „პრომეთეს მიერ მოპოვებული“ ცეცხლის კვარცხლბეკთან მიტანა უკვე შეირაცხა ეპიდემიაზე გამარჯვების სიმბოლოდ.

 

თამარ წულუკიძე