მომხმარებელთა უფლებების დაცვა ევროკავშირში

მომხმარებელთა უფლებების დაცვა ევროკავშირში

„მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ დირექტივა (2011/83/EC) ადგენს მომხმარებელთა უფლებებს ევროკავშირის მასშტაბით. იგი აერთიანებს და ჰარმონიზაციას უწევს მომხმარებელთა ეროვნულ წესებს. მაგალითად, იმ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას, რომელიც მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ნივთის შეძენამდე და აგრეთვე, მომხმარებლის უფლებას, გააუქმოს ონლაინ შესყიდვა, მიუხედავად შესყიდვის განხორციელების ადგილისა ევროკავშირის მასშტაბით.

ზემოაღნიშნული დირექტივის მეორე მუხლის მიხედვით, „მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში მოქმედებს მიზნებისთვის, რომლებიც არ უკავშირდება მის ვაჭრობას, ბიზნესს, ხელობას ან პროფესიას.

„საქონელი“ გულისხმობს ნებისმიერ მატერიალურ მოძრავ ნივთს, გარდა აღსრულების გზით ან სხვაგვარად, კანონის საფუძველზე გაყიდული ნივთისა. წყალი, გაზი და ელექტროენერგია უნდა ჩაითვალოს საქონლად დასახელებული დირექტივის განმარტებით, როდესაც ისინი იყიდება შეზღუდული მოცულობით ან რაოდენობით.

დირექტივა ვრცელდება ყველა ხელშეკრულებაზე, რომელიც დადებულია „მომხმარებელსა“ და „ტრეიდერს“ შორის.

1952 წლიდან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის კანონთა პატივისცემისა და მისი სწორედ გამოყენების ზედამხედველობას. წლების განმავლობაში სასამართლოს გამოტანილი აქვს მრავალი გადაწყვეტილება, რომელთაც ხელი შეუწყვეს და ზეგავლენა იქონიეს ევროპულ ინტეგრაციაზე მოქალაქეთათვის, კერძოდ კი მომხმარებელთათვის, გაფართოებული უფლებების მინიჭების საკითხში.

სასურსათო საკვები და სასმელი

დღესდღეობით კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მომხმარებელთათვის, რომელთაც სურთ, რომ იყვნენ ადეკვატურად ინფორმირებული იმ საკვებისა თუ სასმელის თაობაზე, რომელთაც ისინი ყიდულობენ.

ეტიკეტირების მოთხოვნა

2015 წელს ევროკავშირის მართმსაჯულების სასამართლომ კვლავ გაიმეორა, რომ მომხმარებლები აუცილებელია იყვნენ სწორი, ნეიტრალური და ობიექტური ინფორმაციით აღჭურვილნი. ამრიგად, თუ პროდუქტის ეტიკეტირება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის შეიცავს ცალკეულ ინგრედიენტებს, რომლებიც რეალურად პროდუქტში წარმოდგენილი არ არის, ამან მყიდველი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს, თუნდაც ინგრედიენტების ჩამონათვალი სწორი იყოს. ასეთი რამ მოხდა „ხილის ჩაის“ შემთხვევაში, რომლის შეფუთვაზე გამოსახული იყო ჟოლოსა და ვანილის ყვავილები, მიუხედავად იმისა, რომ ჩაი არ შეიცავდა, აღნიშულ ხილთა ბუნებრივ ინგრედიენტებს (განჩინება 2015 წლის 4 ივნისს, Teekanne, C-195/14).

გარდა ამისა, მინერალური წყლის შეფუთვაზე მითითებული ნატრიუმის შემცველობა უნდა ასახავდეს ნატრიუმის მთლიან რაოდენობას ყველა მისი ფორმით (სუფრის მარილი და ნატრიუმის ბიკარბონატი). მომხმარებელი შეიძლება შეცდომაში შევიდეს, თუ მინერალური წყალი მარილის დაბალი შემცველობით იქნება აღწერილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიცავს ნატრიუმის ბიკარბონატის მაღალ რაოდენობას (2015 წლის 17 დეკემბრის განჩინება, ნეპტუნის განაწილება, C-157/14).

ეტიკეტირებასა და პროდუქტის უსაფრთხოების სფეროში მიღებულ იქნა არაერთი რეგულაცია. მათ შორის ამ სფეროში მიღებული კანონმდებლობა მოიცავს რეგულაციებს შემდეგ საკითხებზე:

(EU)111169/2011 მომხმარებლებისთვის საკვების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ;

(EC)191924/2006 საკვებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გამო წამოყენებული პრეტენზიების შესახებ;

(EU)60609/2013 ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების, სპეციალური სამედიცინო მიზნებისათვის საკვების და წონის კონტროლის მიზნებისთვის მთლიანი დიეტის ჩანაცვლების შესახებ;

(EC) 8834/2007 ორგანულ წარმოებასა და ორგანული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ;

(EC)181830/2003, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ხარისხის, ეტიკეტირებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით წარმოქმნილი საკვები პროდუქტების ხარისხის ამაღლების შესახებ და სხვა მრავალი.

პროდუქტის სარგებლიანობისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების აღნიშვნები ეტიკეტზე

ევროკავშირის მართმსაჯულების სასამართლომ 2017 წელს დაადგინა, რომ კომისია მართებული იყო უარი ეთქვა გლუკოზის წარმოების გარკვეული ისეთი სარგებლიანობის ეტიკეტზე დატანაზე, როგორიც არის მაგალითად, „გლუკოზა ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმს“ ან „გლუკოზა ხელს უწყობს ნორმალურ ფიზიკურ აქტივობას“. ამგვარი მითითებების დატანა ხელს უწყობს შაქრის მოხმარებას, ამასთან, შაქრის მოხმარების წახალისება ეწინააღმდეგება ზოგადად მიღებულ კვების და ჯანმრთელობის პრინციპებს (2017 წლის 8 ივნისის განაჩენი, Dextro Energy v Komision, C-296/16 P).

გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით წმინდა მცენარეულ პროდუქტებს, პრინციპში, არ შეუძლიათ ბაზარზე ჰქონდეთ ისეთი დასახელებები, როგორიცაა „რძე“, „კრემი“, „კარაქი“, „ყველი“ ან „იოგურტი“, რომლებიც არსებითად არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. ამრიგად, კომპანიას არ შეუძლია გამოიყენოს დასახელებები „სოჯას რძე“, „ტოფუ კარაქი“ ან „მცენარეული ყველი“, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობაში არის გარკვეული გამონაკლისები, მაგალითად, „ქოქოსის რძე“ (14 ივნისის გადაწყვეტილება) 2017, Tofu Town.com, C-422/16).

2002 წელს ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ მიიღეს რეგულაცია (EC) 17178/2002, რომელიც განსაზღვრავს სურსათის შესახებ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომელიც ვრცელდება პროდუქტის დამზადებიდან დისტრიბუციის ჩათვლით ყველა ეტაპზე, რათა დაცულ იქნეს ადამიანის ჯანმრთელობა და მომხმარებელთა ინტერესები.

საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართველობის სფეროში შექმნილ სურსათის ეროვნული სააგენტოს გააჩნია მონიტორინგისა და კონტროლის უფლებამოსილება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ შემხებლობაშია მომხმარებელთან. მათ შორის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია: წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და ა.შ.

 

სალომე დარასელია