მემკვიდრეობის მიღება არასრულწლოვნის მიერ

მემკვიდრეობის მიღება არასრულწლოვნის მიერ

პრაქტიკაში ხშირად არ არის გასაგები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც არასრულწლოვანი პირი იღებს მემკვდირეობას, რა წესით უნდა იქნეს დაცული არასრულწლოვნისთვის დატოვებული სამკვიდრო ქონება?

ოჯახის პატარა წევრები ხშირად ვერ აცნობიერებენ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობას. მაგალითად, როგორიცაა ნათესავების გარდაცვალება და აქედან გამომდინარე მემკვიდრეობის მიღება. მათი ასაკის გამო, ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ თავიანთი სამემკვიდრეო უფლებებით და ვერ ასრულებენ მემკვიდრეობის მიღებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს.

კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე შეზღუდვას სამკვიდროს მიღების ასაკის მიმართ. ამრიგად, სამკვიდრო ქონება შეიძლება ერგოს როგორც არასრულწლოვანს, ისე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცოცხალად დაბადებულ ბავშვსაც კი. ასეთი გზით მიღებული ქონების სრულფასოვანი მესაკუთრედ და განკარგვის შესაძლებლობის მქონედ არასრულწლოვანი გახდება 18 წლის მიღწევის შემდეგ.

არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (შემდგომში — სსკ) 1336-ე მუხლის თანახმად:

კანონით მემკვიდრეობის დროს გარდაცვლილი პირის ქონება ნაწილდება მხოლოდ ნათესავებზე, რომელთა ხუთი რიგი არსებობს, ამიტომ არასრულწლოვან და-ძმებს, ბიძებს, დეიდებს-მამიდებს, ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და მამიდაშვილებსაც აქვთ შესაძლებლობა გახდნენ მემკვიდრეები. მაგრამ ამის ალბათობა არასრულწლოვნებისას დაბალია, რადგან ყოველივე წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეს. ამიტომ ყურადღება შევაჩეროთ მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებზე.

კანონმდებელი ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები. სწორედ ამიტომ, ბავშვებს, რომლებმაც დაკარგეს მშობელი, აქვთ უფლება მიიღონ მემკვიდრეობა I რიგის სხვა მემკვიდრეებთან (მეუღლე, მშობლები) ერთად. მშობლის მემკვიდრედ ჩაითვლება გარდაცვლილის შვილიც, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა. მემკვიდრეობაზე გავლენას არ ახდენს მშობლების არარეგისტრირებული ქორწინება, ანუ ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 1309-ე მუხლი), ასეთად კი შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში ჩანაწერის არსებობა ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება. პირველი რიგის მემკვიდრეებად ჩამოთვლილ პირებთან ერთად არიან ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, და გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ ზრუნავენ ბებიები და ბაბუები თავიანთ შვილიშვილებზე და სურთ დაუტოვონ მათ თავისი ქონების რაღაც ნაწილი მაინც. მაგრამ შვილიშვილებს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებად ყოფნა შუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. ასევე, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე, რასაც ეწოდება მემკვიდრეობითი ტრანსმისია (სსკ 1430-ე მუხლი). კანონით მემკვიდრეობისათვის ასეთი პირობების არარსებობის დროს, არასრულწლოვნების უზრუნველსაყოფად საჭიროა ანდერძში მათი სამკვიდრო ქონების განსაზღვრა, რასაც ქვევით განვიხილავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები, ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

რაც შეეხება ანდერძით მემკვიდრეობას, ასეთ შემთხვევებში მამკვიდრებელი წინასწარ წერილობით განსაზღვრავს, თუ ვის და რა ქონება ერგება მისი გარდაცვალების შემდეგ. ასეთ დროს ნათესაურ კავშირს კი მნიშვნელობა არ აქვს. ანდერძის საფუძველზე მემკვდირედ შეიძლება გახდნენ ის არასრულწლოვნებიც, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (სსკ-ის 1307-ე მუხლი). ამიტომ ხშირია, როდესაც ბებია-ბაბუები ანდერძით უტოვებენ შვილიშვილებს უძრავ ქონებას, რადგან პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობისას, მათ კანონის თანახმად არაფერი გადაეცემა.

აღსანიშნავია სსკ-ის 1338-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან. არაშრომისუნარიან პირთა ასეთ განმარტებას, ბუნებრივია, არასრულწლოვნებიც შეესაბამებიან. აქედან გამომდინარე, მიუხედავად რიგითობისა და ანდერძისა, თუ გარდაცვლილი პირი არჩენდა არასრულწლოვანს, ამ უკანასკნელს შეუძლია სარჩოს მიღება.

იშვიათობას არ წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი მთელ თავის ქონებას უტოვებს უცხო პირს, ისე რომ პირველი რიგის მემკვიდეებს არ ითვალისწინებეს ანდერძში. ასეთ დაზარალებულ პირთა რიცხვში შეიძლება არასრულწლოვნებიც აღმოჩნდნენ. კანონმდებელი აქაც არ ტოვებს უყურადღებოდ ასეთ პირებს და შემოაქვს სავალდებულო წილის ცნება, რომლის თანახმად, როგორც მშობლებსა და მეუღლეს, ისე მამკვიდრებლის შვილებს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სსკ-ის 1371-ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ ეს უფლება გადადის მემკვიდრეობით, ამიტომ სავალდებულო წილზე მოთხოვნა შეუძლიათ ზემოთ განხილული მემკვიდრეობითი ტრანსმისიისა და წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის დროსაც.

რაც შეეხება სამკვიდროს მიღებას არასრულწლოვნის მიერ, სსკ-ის 1422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები (7-18 წლის) სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით. რადგან მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას (სსკ-ის 1198 (4) მუხლი), არასრულწლოვნის ქონებაზე გარიგების დადება, რა დროსაც, გამოკვეთილი არ არის ბავშვის უპირატესი ინტერესი, არღვევს კანონს. მშობლის მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებს, ამიტომ სსკ-ის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. რაც შეეხება მეურვეობის ან მზრუნველობის მიმღებ არასრულწლოვანს, სსკ-ის 1294-ე მუხლის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს, სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს — სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, ქონების გაყოფას, ან რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება.

რადგან აღვნიშნეთ, რომ სამემკვიდრეო ურთიერთოებებში არასრულწლოვანს წარმოადგენს მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი, სწორედ ამ უკანასკნელმა სამკვიდროს მიღებისათვის (იქნება ეს ანდერძით მემკვიდრე თუ კანონით), მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, ნებისმიერ სანოტარო ბიუროში უნდა წარადგინოს განცხადება სამკვიდროს მიღებაზე. ამასთან, მშობლებმა (ან მეურვემ) უნდა უზრუნველყოს იმ დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც მოთხოვნილია ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. თუ კი წარმომადგენლის მიერ გაშვებულ იქნა 6-თვიანი ვადა, ეს ავტომატურად არ ართმევს მას მემკვიდრეობით უფლებას. ვადის გაგრძელება შესაძლებელია სასამართლო გზით, საპატიო მიზეზის არსებობისას.

ერთი შეხედვით, მემკვიდრეობაზე ნებაყოფლობით უარის თქმა შეიძლება არაგონივრულად იქნეს მიჩნეული. მოგეხსენებათ, აქტივებთან ერთად მემკვიდრეზე გადადის პასივები — მოანდერძის ქონებრივი ვალდებულებები (მაგალითად, დავალიანება, სახელშეკრულებო ვალდებულებები და ა.შ.). ასეთი ტვირთი არასრულწლოვნისთვის სრულიად უსარგებლოა. სწორედ ასეთ შემთხვევაში, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონიერ წარმომადგენლებს უწევთ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმა. ამის შესახებ განეცხადება ნოტარიუსს სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად (სსკ-ის 1434-ე მუხლი).

საბოლოო ჯამში, სწორედ კანონიერი წარმომადგენლების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული არასრულწლოვნის მიერ მემკვიდრეობის მიღების საკითხი. ბავშვის კეთილდღეობისთვის ისინი სრული პასუხისმგებლობით და სერიოზულობით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაარღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დანაწესს, რომლითაც მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ასევე, სამოქალაქო ქოდექსით განმტკიცებულ მშობელთა მოვალეობებს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს აქვს მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება, რომლის დროსაც მას უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. ხოლო, თუ კი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ისინი ვალდებული არიან ამის შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. თავის მხრივ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

 

ტასო შანავა