დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტის სამართალში

დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტის სამართალში

სპორტში დოპინგის გამოყენება ერთი მხვრივ არის სპორტული ეთიკის დარღვევა, სპორტისა და სპორტსმენის იმიჯის შელახვა, მეორე მხვრივ კი იგი წარმოადგენს სერიოზულ რისკს სპორტსმენის ჯანმრთელობისთვის და საფრთხეს უქმნის მის უფლებას — იასპარეზოს სუფთა, პატიოსან და სამართლიან გარემოში.

„სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიზანია ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში ხელი შეუწყოს სპორტში დოპინგის გამოყენების აღკვეთას და მასთან ბრძოლას.

დოპინგის არსი და მისი კონტროლი

სამედიცინო ტერმინოლოგიის ლექსიკონის განმარტებით დოპინგი არის ფარმაკოლოგიური საშუალებები, რომლებიც დროებით ასტიმულირებენ ნერვულ სისტემას, ორგანიზმის ფიზიკურ და ფსიქიკურ პროცესებს. დოპინგის გამოყენება კი გულისხმობს სპორტსმენის მიერ ნივთიერების გადაყლაპვას, ინექციის ან ნებისმიერი აკრძალული სუბსტანციის ან აკრძალული მეთოდის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენებას. დოპინგ-კონტროლის მიზნებისათვის სპორტსმენში მოიაზრება საერთაშორისო ან ეროვნულ დონეზე სპორტში ჩართულ ნებისმიერ პირი, აგრეთვე, ნებისმიერ სხვა პირი, რომელიც მონაწილეობს უფრო დაბალი დონის სპორტულ ღონისძიებაში.

სპორტის სამართალში, ტესტირების ჩატარების დაგეგმარება, სინჯების აღება და მათთან მოპყრობა, ლაბორატორიული ანალიზი, შედეგების დამუშავება, მოსმენა და აპელაციები მოიხსენიება, როგორც დოპინგ-კონტროლის პროცესი. ყველა სპორტსმენის პერსონალური მოვალეობაა, არ დაუშვას აკრძალული ნივთიერების მის ორგანიზმში მოხვედრა. სპორტსმენებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათი ორგანიზმიდან აღებულ სინჯში ნებისმიერი აკრძალული ნივთირების, ან მისი მეტაბოლიტის (აქტიური ნივთიერების, ანტიდოტის ან სინერგისტის ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტი ან ნებისმიერი დესტრუქციული პროდუქტი, რომელიც შექმნილია ორგანიზმში ან გარემოში), ან მარკერის (ნიშან-თვისების) აღმოჩენის შემთხვევაში.

აკრძალული ნივთიერებების ფლობა, აგრეთვე, ეკრძალება სპორტსმენის დამხმარე პერსონალს, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი მწვრთნელი, ინსტრუქტორი, მენეჯერი, აგენტი, გუნდის შტატის წევრი, თანამდებობის პირი, სამედიცინო ან პარასამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს იმ სპორტსმენებთან, რომელებიც სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ/ემზადებიან ან მკურნალობს მას. მათ მიერ აკრძალული ნივთიერების ფლობა ნებადართულია იმ შემთხვევაში თუ გაცემულია თერაპიული გამოყენების ნებართვა, ან არსებობს რაიმე სხვა საპატიო მიზეზი. მაგალითად, დაიშვება ინსულინის ყიდვა დიაბეტიან ადამიანებისთვის, აგრეთვე ნებადართულია გუნდის ექიმისთვის აკრძალული ნივთიერებების ფლობა მწვავე და საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად.

სპორტსმენის მიერ აკრძალული ნივთიერების მიღების ფაქტი დასტურდება სპეციალური ტესტირებთ. ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ ანტიდოპინგური მიზნებისთვის. ნებისმიერ სპორტსმენს შეიძლება მოეთხოვოს სინჯის აღება ნებისმიერი დროს და ადგილას, იმ ანტიდოპინგური ონრგანიზაციიდან რომელსაც იგი ექვემდებარება. ტესტირების ჩატარების უფლება აქვს: ნაციონალურ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, საერთაშორისო ფედერაციას, საერთაშორისო ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტს, სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზატორს.

ანტიდპინგური კოდექსის 2.5 მუხლის მიხედვით იკრძალება დოპინგ-კონტორლის დროს რაიმე ტიპის ხელშეშლა შემოწმების პროცედურის განხორციელებაზე, მაგალითად, საიდენტიფიკაციო ნომრების შეცვლა კონტროლის სპეციალურ ფორმებზე, ბოთლის გატეხვა ან სინჯის შეცვლა უცხო ნივთიერების დამატებით.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ აკრედიტებულმა ლაბორატორიება, სინჯების შენახვისას და მათი ანალიზისას, უნდა დაიცვან ლაბორატორიული ანალიზის საერთაშორისო სტანდარტები. აღნიშნული სტანდარტების დარღვევით ჩატარებული ანალიზის შემთხვევაში სპორტსმენს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ ტესტირების დადებითი შედეგები გამოწვეულია სტანდარტების დაუცველობით.

 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო

წესების დადგენისათვის პასუხისმგებელი იურიდიული პირი არის ანტიდოპინგური (დოპინგსაწინააღმდეგო) ორგანიზაცია, რომელსაც ეხება დოპინგ-კონტროლის პროცესის ნებისმიერი ელემენტის შემუშავება, განხორციელება ან დაცვის უზრუნველყოფა. ასეთებს განეკუთვნება, მაგალითად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ფედერაციები და ეროვნული დოპინგსაწინააღმდეგო ორგანიზაციები, რომლებიც აწყობენ და ახორციელებენ შესაბამის ტესტირებას, თუმცა მთავარი მაკონტროლებელი ორგანო არის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA).

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს დაარსდა შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. სააგენტოს მიზანია სპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლა. WADA-ს გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანოა ფონდის საბჭო, რომელიც შედგება 38 წევრიგან. სწორედ ფონდის საბჭო ნიშნავს თანამდებობაზე სააგენტოს პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს. ორგანიზაციის მართვას ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება 12 წევრისგან. გარდა ამისა, WADA-ში არის არაერთი კომიტეტი რომელიც ვიწრო მიმართუმებით მუშაობს, მაგალითად: ფინანსური და ადმინისტრაციული, ათლეტთა კომიტეტი და სხვა.

სააგენტო აკონტროლებს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს და უზრუნველყოფს აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიების შემოწმებას, რათა მათ განახორციელონ საჭირო სამეცნერო ანალიზები დოპინგის კონტროლისას. WADA-ს ძირითადი აქტივობები მოიცავს სამეცნიერო კვლევებს, განათლების ხელშეწყობას, ანტი-დოპინგური კოდექსის მონიტორინგსა და აკრძალული ნივთიერებების ნუსხის შედგენას.

აკრძალული ნივთიერებების სია

აკრძალულ ნივთიერებათა ჩამონათვალი პირველად 1963 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნდა. 2004 წლიდან კი, „აკრძალული ნუსხის“ განახლებისა და გამოქვეყნების ვალდებულება „მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ“ (WADA) იკისრა. WADA-მ სათანადო სიხშირით, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, უნდა გამოაქვეყნის აკრძალული ნივთიერებების სია. აღნიშნული სია უნდა შეიცავდეს იმ აკრძალულ ნივთიერებებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენება იკრძალება ყოველთვის, როგორც საშეჯიბრო, ისე არასაშეჯიბრო პერიოდში. „ანტიდოპინგური კოდექსის“ 4.1 მუხლის მიხედვით, არასაშეჯიბრო პერიოდში, იმ ნივთიერებების გამოყენება, რომელიც იკრძალება მხოლოდ საშეჯიბრო პერიოდში, არ მიიჩნევა ანტიდოპინგური წესების დარღვევად, თუკი მათი კვალი არ აღმოჩნდება საშეჯიბრო პერიოდში აღებულ სინჯში.

აკრძალულ ნივთიერებათა ნუსხა არის „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის განუყოფელი ნაწილი — დანართი, რომელშიც ჩამოთვლილია აკრძალული ნივთიერებები და აკრძალული მეთოდები, რომლებიც იყოფა კატეგორიაებად, მაგალითად, ალკოჰოლი, სტეროიდები, სტიმულატორები, ჰორმონები, ნარკოტიკები, შარდმდენები, ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები, ბეტაბლოკერები, დუარეტიკები და პეპტიდური ჰორმონები, შემნიღბველი აგენტები და სხვა.

სტეროიდებს სპორტსმენები იყენებენ კუნთოვანი მასის გასაზრდელად, ძალის მომატების, გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ზრდისთვის, რაც შეეხება სტიმულატორებს – მისი გამოყენება ზრდის ძალასა და გამძლეობას, სპორტსმენს შეუძლია ივარჯიშოს უფრო მეტი დროის განმავლობაში და განიცდიდეს ნაკლებ ტკივილსა და დაღლას, ხოლო შარდმდენების მიღებით სპორტსმენები აკრძალული ხერხით ცდილობენ მაქსიმალურად მოკლე დროში დაიკლონ წონაში. ბუნებრივია, აღნიშნული ნივთიერებების გამოყენებას თან სდევს სპორტსმენების ჯანმრთელობის დაზიანება.

კოდექსი ასევე უშვებს კონკრეტული ნივთიერების გამოყენების აკრძალვას, თუკი მისი მიღება სხვა ნივთიერებასთან კომბინაციაში იძენს დოპინგის შედეგს და ზრდის სპორტულ შესაძლებლობებს. აკრძალულ ნივთიერებათა სია შესაძლებელია გაფართოვდეს თუკი ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტი.

ანტიდოპინგული წესების დარღვევის შედეგი

არ აქვს მნიშვნელობა, აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდების გამოყენებამ გამოიღო თუ არა შედეგი, მათი გამოყენება ან გამოყენების მცდელობა უკვე ითვლება წესების დარღვევად („ანტიდოპინგული კოდექსი“ მუხლი — 2.2.2). გარემოება, როდესაც სპორტსმენი თავს არიდებს ოფიციალურ პირებს, რომელთაც სურთ მას ჩაუტარონ დოპინგ-კონტროლის პროცედურა, განიხილება, როგორც ანტიდოპინგური წესების დარღვევა. სინჯის ჩაბარების ჩაგდება დადგენილი წესით მიღებლი შეტყობინების შემდეგ, შეიძლება ჩაითვალოს როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებელ მოქმედენად. სინჯების აღებისგან თავის არიდება ან უარის თქმა კი ყოველთვის ჩაითვლება განზრახ ქმედებად.

სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ ანტიდოპინგური წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის შედეგი:

ა) სპორტსმენის, ცალკეულ შეჯიბრების ან ღონისძიების, შედეგების გაუქმება, მათ შორის, პრიზების, მედლებისა და ქულების ჩამორთმევა;

ბ) დისკვალიფიკაცია, რაც ნიშნავს, გარკვეული ვადით სპორტსმენის, ან სხვა პირის ჩამოშორებას ნებისმიერი შეჯიბრებიდან.

გ) ანტიდოპინგური წესების დარღვევით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება და სხვა სახის  ფინანსური სანქციები;

დ) სპორტის ყველა სახეობაში მონაწილეობის აკრძალვა და ანტი-დოპინგური წესების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.

მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი არ კრძალავს ინფორმაციის გამოქვეყნებას ანტიდოპინგური წესების დამრღვევი პირების თაობაზე, პირიქით ამის ვალდებულებასაც კი აწესებს. სადავოა ის თუ რამდენად სწორია მსგავი მიდგომა პერსონალუირ მონაცემების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია რომ კოდექსის მე-8 მუხლში საუბარია მესამე პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობაზე, რაც მიზნად ისახავს ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტების გამოძიებას და სანქციების დადგენას. სანქციის ფორმა და პერიოდი დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე.

აღსანიშნავია, რომ არაერთი ცნობილი სპორტსმენის მიერ დარღვეულა „ანტიდოპინგური კოდექსი“, რომელთა სახელებიც WADA-ს მიერ სპეციალურად საჯაროვდება. მაგალითად , ერთ-ერთი ასეთი სპორტსმენი გახლავთ „გრანდ სლემის“ ტურნირების ხუთგზის გამარჯვებული, რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, რომელმაც აღიარა, რომ 2016 წლის იანვარში გამართული ავსტრალიის ღია პირველობის დროს მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. შარაპოვას სისხლში აღმოჩნდა ნივთიერება — მელდონიუმი, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგურ სააგენტოს (WADA-ს) ახალი შეტანილი ჰქონდა აკრძალული პრეპარატების სიაში. რუს ჩოგბურთელს სანქციის სახით 15 თვიანი დისკვალიფიკაცია განესაზღვრა.

დოპინგ-ჩავარდნის შემთხვევები სპორტის ყველა სახეობაში გვხვდევა და ამ კუთხით არც ფეხბურთია გამონაკლისი. მაგალითისთვის, უკრაინული „შახტარის“ სიმბოლოდ წოდებულ დარიო სრნას დაუფიქსირდა დადებითი შედეგი დოპინგ-ტესტზე. როგორც ცნობილი გახდა სრნამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ „ნაპოლისთან“ შეხვედრისთვის აღებული დოპინგ-ტესტი ჩააგდო და მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა. სრნას სანქციის სახით 17 თვიანი დისკვალიფიკაცია განესაზღვრა.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი კი უკავშირდება რუსი ოლიმპიელი ათლეტების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. შედეგად გაუქმდა სპორტსმენის შედეგები 2013 წლის 27 აგვისტოდან 2014 წლის ბოლომდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებს ჩამოერთმევა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ბიატლონის ესტაფეტაში მოპოვებული ოქროს მედალი. რის შემდგომაც ზამთრის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაში რუსეთმა პირველი ადგილი დათმო. რუსეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა სოჭის 2014 წლის თამაშები 12 ოქრო, 11 ვერცხლი და 9 ბრინჯაოს მედლით მოიპოვა, მაგრამ ცნობილი დოპინგ-სკანდალების შემდეგ მასპინძლებს ორ-ორი ოქრო და ვერცხლი ჩამოართვეს. ამას დაემატა ისიც, რომ გამოიკვეთა რუსეთის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს არაკეთილსინდისიერი მოქმედებები, კერძოდ, ხდებოდა დოპინგის შედეგების გაყალბება სახელმწიფო დონეზე, მალავდნენ სპორტსმენების ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებების აღმოჩენის ფაქტს და ამ მონაცემებით მანიპულირებდნენ.

შედეგად, რუსეთს ოთხი წლით აუკრძალეს მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატში, მონაწილეობა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც დოპინგ-სკანდალში გახვეულები არ იყვნენ საშუალება მისცა კორეაში გამართულ ოლიმპიადაში მიეღოთ მონაწილეობა, ოღონდ არა რუსეთის ეროვნული დროშისა და ჰიმნის ქვეშ, არამედ ოლიმპიური თეთრი დროშით და გუნდს შემდეგი სახელით — „ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან“. სწორედ აღნიშნლი სახელის ქვეშ იასპარეზა კორეის ოლიმპიადაზე 169 რუსმა სპორტსმენმა.

აკრძალული ნივთირების, ან მისი მეტაბოლიტის ან მარკერის არსებობა ორგანიზმში, აგრეთვე აკრძალული ნივთიერებების, ან აკრძალული მეთოდების გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, ფლობა, შეყვანა, ან შეყვანის მცდელობა არ ჩაითვლება ანტიდოპინგური წესების დარღვევად, თუ ის შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაცემულ თერაპიული გამოყენების ნებართვას. არასაერთაშორისო დონის სპორტსმენმა, აღნიშნული ნებართვის მისაღებად, უნდა მიმართოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, ხოლო საერთაშორისო დონის სპორტსმენმა — საერთაშორისო ფედერაციას.

 დოპინგ-კონტროლი და საქართველო

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს(WADA) საქმიანობის უკეთ განხორციელების მიზნით იქმნება ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოები. 2006 წელს საქართველოში დაფუძნდა და მოქმედებს „საქართველოს ეროვნული ანტი‐დოპინგური სააგენტო“ (GADA). აღსანიშნავია, რომ ის არის სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის პასუხისმგებელი ორგანო, მსოფლიო ანტი-დოპინგური ორგანიზაციის და საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ერთადერთი ეროვნული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლება შეადგინოს და განახორციელოს საქართველოში ანტი-დოპინგური პროგრამები. ორგანიზაცია დოპინგის პრევენციის, აღმოჩენისა და სანქციების მიმართულებით ახორციელებს ღონისძიებებს.

დოპინგ-ტესტების ჩატარებისას GADA ხელმძღვანელობს მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული „ტესტირებების საერთაშორისო სტანდარტით“. საქართველოში სპორტსმენთა დოპინგ-ტესტების განხორციელებას უზრუნველყოფენ GADA-ს მიერ სერტიფიცირებული დოპინგ-ოფიცრები. დოპინგ-ოფიცრის მიერ აღებული სინჯი, სათანადო ჭურჭელით, შემდგომი გამოკვლევის (ანალიზის) მიზნით, იგზავნება (სინჯარის ტრანსპორტირებისას ტვირთის დაზღვევას უზრუნველყოფს GADA) საერთაშორისო ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიებში. საქართველოს თანამშრომლობს ზიებერსდორფის (ავსტრია), კიოლნის (გერმანია), ლოზანის (შვეიცარია), ბუქარესტის (რუმინეთი), მონრეალისა (კანადა) და ათენის (საბერძნეთი) ლიცენზირებულ ლაბორატორიებთან.

სინჯში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში, GADA-ს შედეგების მართვის კომიტეტი ახორციელებს შესაბამის პროცედურებს, მათ შორის – სპორტსმენის ინფორმირებას ანალიზის შედეგებისა და მისი უფლებების შესახებ. თუ სპორტსმენი ეთანხმება სინჯის ანალიზისას დაფიქსირებულ „დოპინგ დადებით“ შედეგს, GADA-ს ანტიდოპინგური წესების შესაბამისად მის მიმართ გატარდება შესაბამისი სანქციები. ნებისმიერ სპორტსმენს, რომელიც ბრალდებულია აკრძალული ნივთიერების გამოყენებაში აქვს უფლება მოითხოვოს ხელახალი დოპინგ-ტესტის ჩატარება ან/და გაასაჩივროს სადიციპლინო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.

ამ შემთხვევაში ბრალმდებლის სტატუსი აქვს საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს. კონკრეტულ დარღვევაზე სპორტსმენის მიმართ გასატარებელ სანქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ანტი-დოპინგური სადისციპლინო საბჭო. 2010-2014 წლებში საქართველოში ანტი-დოპინგური სადისციპლინო საბჭო გადაწყვეტილების გამოსატანად 11-ჯერ შეიკრიბა და თითოეულ შემთხვევაში, აკრძალული ნივთიერებების მოხმარებაში მხილებული სპორტსმენის მიმართ, სასჯელის სახით, ოფიციალურ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა (დისკვალიფიკაცია) განისაზღვრა (6 თვიდან 5 წლამდე).

საქართველოში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, 2010-2015 წლებში დოპინგის გამოყენების 29 შემთხვევა დაფიქსირდა. ქართულმა მხარემ, საერთაშორისო ფედერაციებისა თუ სპორტული ორგანიზაციების სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, ძალოსნების საერთაშორისო ფედერაციაში 100 000 აშშ დოლარის და ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე დოპინგ ჩავარდნისთვის 30 000 შვეიცარიული ფრანკი გადარიცხა. ხსენებული საჯარიმო სანქციები გამოწვეული იყო საერთაშორისო შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე 4 ძალოსანისა და 3 მოჭიდავის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებების აღმოჩენით.

სწორედ ამიტომ შემუშავდა საქართველოს დოპინგსაწინააღმდეგო სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის, რომლის მიზანიც არის ქართულ სპორტში დოპინგის გამოყენების შემთხვევათა რიცხვის შემცირება და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვან შესრულების ხელშეწყობა.

დასკვნის სახით შეილება ითქვას, რომ აუცილებელია თითოეულმა სპორტსმენმა და მისმა თანმხლებმა პირმა გაითავისონ დოპინგის მოხმარების უარყოფითი შედეგები და უარი თქვან მის გამოყენებაზე, რითაც ხელს შეუწყობენ კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებას. საუკუნეების წინ საბერძნეთის ოლიმპიადაზე დოპინგზე შეზღუდვები არ არსებობდა. სპორტსმენები იყენებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც უკეთესი შედეგის მიღწევაში ეხმარებოდათ. მაგალითად, ეს შეიძლება ყოფილიყო მსუბუქი ღვინო, სხვადასხვა ჰალუცინოგენი, სეზამის მარცვალი და ნიორიც კი. ხოლო, ძველ რომში, სადაც ეტლების რბოლა იყო პოპულარული, მხედრები არა მხოლოდ თვითონ იყენებდნენ სხვადასხვა მასტიმულირებელ ინფუზიებს, არამედ საკუთარ ცხენებსაც აღებინებდნენ მას.

თანამედროვე სპორტულ რეალობაში, მაშინ როცა მთავარი პრინციპებია კეთილსინდისიერი და თანასწორი შეჯიბრი, აუცილებელია დაცული იყოს თითოეული სპორტსმენის უფლება – იასპარეზოს სპორტული სულისკვეთებისთვის შესაბამის გარემოში. თითოეულ სპორტსმენს უნდა ჰქონეთ სამართლიანი კონკურენციის მოლოდინი. სწორედ ამიტომ ერთი მხვრივ, მნიშვნელოვანია ეროვნული ანტიდოპინგური კანონმდებლობის სრულყოფა და სააგენტოს მითითებების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება, მეორე მხვრივრივ კი სპორტსმენების ცნობიერების მაქსიმალურად ამაღლება, რათა მათ თავი შეიკავონ არასამართლიანი ასპარეზობისაგან.

 

თამარ წულუკიძე