Covid-19 ვირუსი და პერსონალური მონაცემები

Covid-19 ვირუსი და პერსონალური მონაცემები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი Covid-19 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მან ფაქტობრივად მოიცვა მთელი მსოფლიო, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. საქართველოში მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით შეიქმნა ვებგვერდი — www.stopcov.ge. აღნიშნულ ვებგვერდზე იდება განახლებადი ინფორმაცია Covid-19-თან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის 20 მარტის მონაცემებით გვაქვს კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 1 არის გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმში 1900-ზე მეტი პირია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 259 ადამიანი (ცვალებადი ინფორმაცია. წყარო: www.stopcov,ge). იმის მიუხედავად, რომ დასახელებულ ვებგვერდზე ამდენი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიგებთ, მაინც არ ვიცით მათი სახელები, სქესი, ასაკი, სისხლის ჯგუფი და სხვა პერსონალური მონაცემი. ამის მიზეზი კი როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობაა.

პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს პირის პერსონალური მონაცემების (მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის) გავრცელებას. ამ კუთხით, კონსტიტუცია შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, პირს გარანტირებული აქვს პირადი ცხოვრების დაცვა. ცალკე მოქმედებს პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია, რომლის თანახმადაც, პირს აქვს უფლება, ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე, მას აქვს უფლება, კონფიდენციალური იყოს ინფორმაცია როგორც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისე მკურნალობის თაობაზე. გამოსაყოფია ასევე საერთაშორისო რეგულაციებთან მიმართებით უნდა ვახსენოთ GDPR რომელიც ჯანმრთლობის შესახებ ინფორმაციას ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიაკუთვნებს და პერსონალური მონაცემების თვალსაზრისით მათი დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ზოგადი მოცემულობის გათვალისწინებით, სწორედ ეს ნორმები წარმოადგენენ საფუძველს იმისა, რომ პაციენტთა შესახებ დეტალური ინფორმაცია არ საჯაროვდება.

საქართველოს კანონმდებლობაში, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონები. თითოეული მათგანის გათვალისწინებით, ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის გასაჯაროება, რომელიც პირის ჯანმრთელობას ეხება, დაუშვებელია (გარდა გამონალისებისა). მეტიც, კონფიდენციალურობის ვალდებულება გრძელდება როგორც პირის სიცოცხლის განმავლობაში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებობს გამონაკლისები, როდესაც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროება დასაშვები ხდება. ასეთი მოცემულობა გვხვდება:

 

ა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ბ) საჯარო ინტერესის შემთხვევაში;

გ) პაციენტის მიერ თავად თანხმობის გაცემისას. ასევე, როდესაც იგი თავად აქვეყნებს ამგვარ მონაცემს. საქართველოში რამდენიმე პირის მიერ Covid-19-ით ინფიცირების/სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდა;

დ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნის არსებობისას;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისას, რომელიც დაკავშირებულია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობასთან;

ვ) სასწავლო–სამეცნიერო მიზნით ინფორმაციის გამოყენებისას, თუ მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება;

ზ) დაავადების პრევენციის მიზნის მიღწევის მიზნით.

 

როგორც ჩამონათვალიდან იკვეთება, იმისთვის, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდეს, უნდა არსებობდეს საგამონაკლისო გარემოება (შემთხვევა). ქართულ მაგალითზე დაყრდნობით, სახელმწიფოს ასეთი წინაპირობა არ შექმნია.

დღევანდელ რეალობასთან რომ გავავლოთ პარალელი, დღესდღეობით ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია მაღალ დონეზეა დაცული. ძირითად შემთხვევაში, მოსახლეობამ არ იცის მათი სახელები, ხშირ შემთხვევაში არც მათი ასაკი (თუ რისკ ჯგუფებს არ განეკუთვნებიან), არც სქესი ან სხვა ტიპის პერსონალური მონაცემი, რომელიც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამ შემთხვევაში მონაცემთა გამჟღავნებისათვის არც ერთი გამონაკლისი შემთხვევა არ გვაქვს სახეზე, მათ შორის არც კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ამდენად, პერსონალური მონაცემების გასაჯაროება უნდა იყოს ერთ-ერთი არსებითი ფაქტორი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის. დღევანდელ პირობებში პირისათვის Covid-19-ის აღმოჩენისთანავე პაციენტი გადადის ბოქსირებულ პალატაში და იწყება ყველა იმ კონტაქტის მოძიება, ვისთანაც მას ჰქონდა შეხება (ეს კონტაქტები კი გადადიან იზოლაციაში). რადგან ეს ყველაფერი ხერხდება, აღარ არის იმის გადაუდებელი საჭიროება, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იმგვარად გავრცელდეს, რომ იგი იყოს იდენტიფიცირებადი. მით უმეტეს, ამგვარ მონაცემთა გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა პაციენტის მიმართ, მორალური პანიკა საზოგადოებაში და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, საგამონაკლისო შემთხვევის საჭიროება არ დგას. ჯანდაცვის სისტემა ვერ გადაჭრის საკითხს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებით.

Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ქართულ საზოგადოებაში (ისევე, როგორც არაერთ უცხოურ სახელმწიფოში. მაგალითად, გერმანია, იტალია, აშშ და სხვ.) გაიჟღერა სურვილმა, გასაჯაროებული იმ პაციენტთა მონაცემები, რომლებიც ამ ვირუსით არიან დაავადებულნი. საზოგადოების გარკვეულ ჯგუფთა მოსაზრებით, მეტად დაცული იქნებოდნენ მესამე პირები და ამგვარი ქმედება პრევენციული ხასიათის იქნებოდა. ამ პოზიციის მართებულობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა სახეზე, თუ სახელმწიფოს კონტროლს ვერ დაექვემდებარებოდა კლასტერების შესახებ ინფორმაცია და მას არ ექნებოდა წვდომა პაციენტთან კომუნიკაციაში მყოფ პირებზე. დღევანდელი მოცემულობით, ჯანდაცვის სისტემის მიერ ასეთი კონტროლი ხორციელდება. ერთი მხრივ, დაკეტილია საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილი, მუშაობას უცვლელ რეჟიმში აგრძელებენ მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურები, სააფთიაქო და სასურსათო ქსელები, ბანკები, ხოლო, მეორე მხრივ, მაქსიმალური მოწოდებაა მოქალაქეთა სახლში დარჩენის თაობაზე და კერძო თუ საჯარო სექტორის უმეტესობა გადასულია დისტანციურ მუშაობაზე. ამდენად, პაციენტების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გასაჯაროება არ იქნება შედეგის მომტანი.

ანალოგიური მსჯელობა შეიძლება განვითარდეს კარანტინში მყოფ პირებზე. ასევე მათზე, რომლებიც არ ემორჩილებიან კარანტინის პირობებს. მართალია, ამ პირთა მოქმედება მორალურ (და ახალი ცვლილებების გათვალისწინებით — სამართლებრივ) პრინციპებთან შეუსაბამობაში მოდის, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება მათი სანქცირების მექანიზმი.

არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ე.წ. „მეოთხეული“ ან/და „მეხუთეული“ გადაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, ჯანდაცვის სისტემის პოზიციაა Covid-19-თან ბრძოლისთვის განსხვავებული მეთოდის გამოყენება და არა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, დამატებითი შეზღუდვების დაწესება და სხვ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება შევაჯამოთ, რომ პაციენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საჭიროება მხოლოდ მაშინ დადგება, თუ იგი ერთ-ერთი არსებითი (ან ერთადერთი) საშუალება იქნება პანდემიის პრევენციის (სხვათა უფლებების დაცვის) მიზნით. თუ არსებობს სხვა გზა, რომლითაც შეიძლება, რომ პანდემიის საწინააღმდეგო მოქმედება განხორციელდეს, მაშინ სწორედ ეს მიმართულება უნდა იყოს არჩეული. საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სისტემის მოქმედება შესაბამისობაში მოდის როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო აქტებთან.

 

ნინო ბერიძე