COVID-19, საგანგებო მდგომარეობა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები

COVID-19, საგანგებო მდგომარეობა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტები

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ, მნიშვნელოვანად შეცვალა ჩვეული ცხოვრების რიტმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ, რაც  სახელმწიფოები მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, დაავადების გავრცელების რისკების შესამცირებლად ქვეყნებმა განსაკუთრებული ზომები მიიღეს. აღნიშნული შეეხო როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე, ეკონომიკურ სფეროს და მათ შორის, სამშენებლო პროცესებს.

სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. 2020 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება, ხოლო,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით განისაზღვრა იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უნდა გატარებულიყო. შეიზღუდა სხვადასხვა უფლებები. დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში განისაზღვრა  საგამონაკლისო შემთხვევები, რომელზედაც შეზღუდვა არ გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანს  წარმოადგენდა სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება.

გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლების შრომითი საქმიანობა ხასიათდება სამუშაო ადგილების მუდმივი ცვალებადობით, ღია ატმოსფერულ პირობებში არსებული შრომითი აქტივობით და მისი სპეციფიკა მოიცავს ბუნებრივ განიავებას, ვირუსის გავრცელების კუთხით, მშენებლობა განეკუთვნება საშუალო რისკის სექტორს. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული დადგენილების გამოტანისას, როდესაც საწყის ეტაპზე შემოღებული იყო შეზღუდვების ყველაზე უფრო მსუბუქი ფორმები, სახელმწიფომ არ აკრძალა  სამშენებლო საქმიანობის პროცესის გაგრძელება.

2020 წლის 23 მარტიდან 31 მარტამდე ვადაში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში  სამშენებლო ბიზნესსუბიექტები მუშაობას აგრძელებდნენ ჩვეულ რეჟიმში. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა, სამშენებლო სექტორისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N2 დანართით განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული  რეკომენდაციების შესაბამისად.

ეპიდემიით გამოწვეული ვითარების გართულების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 30 მარტს მიიღო დადგენილება N204, რომლითაც  N181 გადაწყვეტილებაში შევიდა ცლილება. განსხვავებულად მოწესრიგდა დადგენილების მე-5 მუხლით დაწესებული, შეკრებებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის შეზღუდვა,  დადგინდა, რომ დაუშვებელია საჯარო სირცეში 3 კაცზე მეტი პირის თავშეყრა. აკრძალვა  კი არ შეეხო:

ა) სამედიცინო, სპეციალურ პენიტენციურ და საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

ზემოაღნიშნული ცვლილებით, ცნობილი გახდა გადაწყვეტილება სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ ბიზნეს სექტორისათვის შეზღუდვის დაწესების შესახებ. კერძოდ, შეზღუდვები არ შეეხო ისეთ შემთხვევას, როდესაც ოპერაციულ შტაბთან იყო იგი შეთანხმებული.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 აპრილს მიიღო N209 და N211 დადგენილებები, რომლითაც N181 გადაწყვეტილებაში ისევ შევიდა ცვლილება. დამტკიცდა N1 და N2 დანართები, სადაც გაფართოვდა დასაშვები ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი.

N211 დადგენილებით (დანართი №2) განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ შეეზღუდათ ფუნქციონირება. ამ გადაწყვეტილების თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობა, სამოქალაქო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების შესრულება დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისათვის.

მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალებისა მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდებიდან (www.economy.ge) უნდა  ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გადაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე — construction@moesd.gov.ge (რეგიონების შემთხვევაში); ხოლო ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე — build@tbilisi.gov.ge.

კომპანიების წარმომადგენლებმა შევსებულ განცხადებასა და სარეგისტრაციო ფორმაში, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნიან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პროექტის გასაგრძელებლად საჭირო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, კომპანიის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება — დასაქმებულთა ტრანსპორტირება, დეზინფექციის შესრულების სიხშირე და მასშტაბი, კვების ორგანიზების საკითხი, თერმოსკრინინგსისა და კომპანიის მიერ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ. (რეკომენდაციების გასაცნობად იხ. ბმული – https://stopcov.ge/ka/Recommendation)

სარეგისტრაციო ფორმის მიღების შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ განაცხადში მითითებულ ობიექტებს შეამოწმებს, ხოლო შემოწმების შემდეგ, აღნიშნულ სუბიექტებზე მშენებლობის გაგრძელების უფლების მინიჭების მიზნით, საქართველოს მთავრობასთან უშუამდგომლებს.

რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ მუნიციპალიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. იმ შემთხვევაში, თუ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევის ფაქტი გამოვლინდება, ეკონომიკურ სუბიექტზე გამოიწერება ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ Covid-19 ვირუსით გამოწვეული ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობის უწყვეტობაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ვინაიდან მშენებლობის ბიზნესის შეჩერება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესია და მისმა სრულმა აკრძალვამ შესაძლებელია გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ზიანი, ამიტომ საკითხის მოწესრიგება ყოველდღიურად იცვლება. ახალი წესებით გარკვეული პროცედურების გავლის და დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერმა სამშენებლო კომპანიამ გააგრძელოს საქმიანობა. ამდენად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სიაში ბიზნეს სუბიექტის დამატებამდე აღნიშნული პროცესი შეზღუდულია. 2020 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, მშენებლობის პროცესის გაგრძელებისათვის დაწესებულია მოთხოვნები, რომლის ზედმიწევნით დაცვა და პრაქტიკული განხორციელებაც სავალდებულოა და რომელიც თითოეული საქართველოს მოქალაქის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ანი ილაური