COVID-19, საგანგებო მდგომარეობა და ევროკავშირის მიდგომები პანდემიის დასაძლევად

COVID-19, საგანგებო მდგომარეობა და ევროკავშირის მიდგომები პანდემიის დასაძლევად

ახალი კორონავირუსის (Covid-19) მოკლე დროში მასშტაბური გავრცელებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი უმრავლესი სახელმწიფოს დღის წესრიგში დადგა აუცილებელი ზომების მიღების საკითხი. ევროკავშირის არაერთმა წევრ-სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლითაც ერთ-ერთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან საბრძოლველად.

ევროკავშირის შეხედულებები, ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას ცალკეულ დანაწესებს ადგენს. ამ მხრივ წინამდებარე ბლოგში განხილული იქნება როგორც საკანონმდებლო მიდგომები, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მდებარეობა: საფრანგეთი, ქ. სტრასბურგი) პრაქტიკა. ამასთან, ცალკე გამოსაყოფია ის მიდგომები, რომელიც ევროკავშირმა ახალი ტიპის ვირუსის COVID-19-ის მიერ შექმნილი პანდემიის დასაძლევად მიიღო.

 

ადამიანის უფლებების დაცვა საგანგებო მდგომარეობისას

საგანგებო მდგომარეობის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, კონვენციის მონაწილე (ხელმომწერ) ნებისმიერ სახელწიფოს შეუძლია თავის ტერიტორიაზე გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან გადახვევის მიზნით. თითოეულ შემთხვევაში აღნიშნული უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე. ამასთან, ღონისძიებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამავე სახელმწიფოს მიერვე ნაკისრ სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.

კონვენციის ზემოხსენებული მუხლის თანახმად, დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის საფუძველზე კონვენციისმე-3 (წამების აკრძალვა), მე-4 (პუნქტი 1-მონობისა და იძულების აკრძალვა) და მე-7 მუხლებიდან (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) გადახვევა. ამდენად, კონვენციის ყოველი ზემოხსენებული მუხლი ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებესა და თავისუფლებებს განსაზღვრავს და საგანგებო მდგომარეობის არსებობის მიუხედავად ადგენს გარანტიებს.

თითოეული სახელმწიფო, რომელიც იყენებს კონვენციიდან გადახვევის უფლებას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას გატარებული ღონისძიებებისა და მათი მიზეზების შესახებ. იგი აგრეთვე ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ასეთ ღონისძიებათა შეწყვეტისა და კონვენციის დებულებათა სრულად ამოქმედების თარიღს.

ადამიანის უფლებების დასაცავად კონვენციის მე-15 მუხლს გააჩნია სამი ბერკეტი:

 

1) კონვენციდან გადახვევის მიზნით, აუცილებელია რეალურად არსებობდეს საგანგებო მდგომარეობა.

2) შემოთავაზებული ზომები უნდა იყოს პროპორციული.

3) ამასთანავე, ზოგიერთი უფლებების შეზღუდვა იქნება დაუშვებელი. მაგალითად, წამება ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. თითოეული მათგანი დაუშვებელია, თუნდაც ქვეყანაში შექმნილი იყოს საგანგებო მდგომარეობა.

 

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ საგანგებო სიტუაციაზე მსჯელობისას არ არის საუბარი მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც ექსტრემალურ კრიზისს იწვევს. ევროსასამართლო ასევე ბევრ ასპექტს იკვლევს იმ პირის ან ორგანოს შესახებ, რომელიც აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და აგრეთვე მათ მოტივებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არცერთ საქმეში არასდროს დაუდგენია, რომ საგანგებო ვითარება და მისი გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც გამოცხადებული ჰქონდათ საგანგებო მდგომარეობა, ამჟამად მოქმედებაშეჩერებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას აქვს მიღებული ასეთი დასკვნა (ტრიბუნალური ორგანო, რომელიც 1998 წლამდე იღებდა წინასწარ გადაწყვეტილებებს საქმესთან დაკავშირებით მანამ, სანამ სასამართლო მოისმენა გაიმართებოდა). კომისიამ უარყო 1967 წელს საბერძნეთში სამხედრო დიქტატურის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. კომისიამ დაადგინა, რომ „არანაირი საფრთხე არ არსებობდა „ერის სიცოცხლისთვის“ და რომ სამხედრო დიქტატურამ ფიქტიურად შექმნა საგანგებო ვითარება კომუნისტური ოპოზიციის მოსაგერიებლად“.

როგორც იკვეთება, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში შეუზღუდავი უფლებების გარდა, შესაძლებელია შეიზღუდოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. მაგალითისთვის, შრომის თავისუფლება (კონვენციის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ შრომა თავისუფალია და ნებაყოფლობითი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი იძულებით შრომად არ განიხილავს ნებისმიერ სამსახურს, დაკისრებულს საგანგებო მდგომარეობის დროს, რომდესაც ასეთი სამსახური ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და მასზე ზრუნვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიამ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც საგანგებო მდგომარეობისას შრომის თავისუფლებას ეხებოდა, დაადგინა, რომ „სროლის უფლებების მქონეებს ეკისრებოდათ ვალდებულება, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა მოწინააღმდეგე სამხედრო მხარის მიმართ სროლაში, როგორც ეპიდემიის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის ნაწილი“. როგორც ვხედავთ, ზემოაღნიშნული ვალდებულება სავალდებულო შრომის ცნებაში თავსდება, ასეთი ვალდებულებების დაკისრება დასაბუთებულია და გამართლებულია კონვენციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით. ეს კი საშუალებას იძლევა, შესრულებულ იქნეს სამსახურებრივი მოვალეობა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოების ცხოვრებას ან კეთილდღეობას, აგრეთვე მე-4 მუხლის მესამე პუქნტის „დ“ ქვეპუნტქტით, საგანგებო მდგომარეობისას იძულებით შრომად არ ჩაითვლება ნებისმიერი სამუშაო თუ სამსახური, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება. (S. v. Germany, Commission decision. https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=caselaw/analysis/guides).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საგანგებო მდგომერეობის განმარტებისას ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლს. სასამართლოს განმარტებით, საგანგებო მდომარეობა არის ისეთი ვითარება, რომლის დროსაც საფრთხე ექმნება ერის სიცოცხლეს. ბუნებითი და ჩვეულებრივი განმარტება „საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობისა, რომელიც საფრთხეს უქმნის ერს სიცოცხლეს“ ეხება განსაკუთრებულ, კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციას, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მოსახლეობაზე და წარმოადგენს საფრთხეს აგრეთვე იმ საზოგადოების ორგანიზებული ცხოვრებისთვის, რომლის შემადგენლობაშიც შედის სახელმწიფო (Lawless v. Ireland (no. 3), § 28). ევროსასამართლოს განმარტებით, საგანგებო შემთხვევა უნდა იყოს ფაქტობრივი (უკვე არსებული და რეალური) ან გარდაუვალი (მომავალში გარდაუვალი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არარსებული); კრიზისი, რომელიც ეხება მხოლოდ სახელმწიფოს კონკრეტულ რეგიონს, შეიძლება აგრეთვე წარმოადგენდეს საგანგებო მდგომარეობას. (მაგ. იხ. Northern Ireland in Ireland v. the United Kingdom, § 205, და South-East Turkey in Aksoy v. Turkey, § 70); ამავე დროს, აღსანიშნავია, ისიც, რომ კრიზისი ან საშიშროება საგამონაკლისო და განსაკუთრებული უნდა იყოს კონვენციით ნებადართული ნორმალური ზომები და შეზღუდვები კი — საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აშკარად შეუფერებელი (Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v. Greece (the „Greek case“), Commission report, § 153). ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი დღემდე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაცია აუცილებლად დროებითი ხასიათის უნდა იყოს (იხ. უსაფრთხოების სიტუაცია ჩრდილოეთ ირლანდიაში: Ireland v. the United Kingdom, Brannigan and McBride v. the United Kingdom, Marshall v. the United Kingdom (dec.).

აღსანიშნავია ისიც, რომ თავის მხრივ, კონვენციის ორგანოები აფასებენ ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არსებობს თუ არა განსაკუთრებული საგამონაკლისო ვითარება. როგორც ევროსასამართლომ „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ საქმეში მიუთითა (Ireland v. the United Kingdom (§ 207)): „საკუთარი ერის სიცოცხლის უზრუნველყოფა პირველ რიგში თითოეულ ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს დგას თუ არა საგანგებო სიტუაცის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ხელისუფლება პირდაპირ, უშუალო და უწყვეტ კავშირშია საზოგადოების ყოველწუთიერ მოთხოვნილებებთან, ადგილობრივი ორგანოები უკეთეს ვითარებაში არიან, საერთაშორისო მოსამართლესთან შედარებით, იმისთვის, რომ გადაწყვიტონ როგორც საგანგებო მდგომარეობის რეალურად არსებობის საკითხი, ისე გადაადგილების ხასიათისი და მასშტაბი, რაც აუცილებელია საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით“. შესაბამისად, ამ საკითხში, ეროვნულ ხელისუფლებას მის წინაშე არსებული რეალური მდგომარეობის შეფასების ფართო შესაძლებლობა უნდა მიეცეს. თუმცა აღნიშნულის მიუხედავადა, ევროსასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოების შეფასების შიდა ზღვარს თან ახლავს ევროპული ზედამხედველობა“.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სახელმწიფოები არ სარგებლობენ შეუზღუდავი უფლებამოსილებით საგანგებო ვითარების გამოცხადების დროს. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს გავიდა თუ არა სახელმწიფო არსებული კრიზისისას საგანგებო შემთხვევებისთვის კონვენციით მოთხოვნილი მკაცრი ზომების ფარგლებს მიღმა. იმის დასადგენად, იყო თუ არა მიღებული ზომები „საგანგებო სიტუაციებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ვალდებულებების შესაბამისი“, ევროსასამართლო საჩივრებს არსებითად განიხილავს (Mehmet Hasan Altan v. Turkey, § 94; Şahin Alpay v. Turkey, § 78). სასამართლოს განმარტებითვე, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გახდეს პოლიტიკური დებატების თავისუფლების შეზღუდვის საბაბი. საგანგებო მდგომარეობაშიც კი, სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი ზომების მიღწევა უნდა მოითხოვდეს დემოკრატიული წესრიგის დაცვას საშიშროებისგან და ყველანაირი ძალისხმევა უნდა განხორციელდეს დემოკრატიული საზოგადოების ისეთი ფასეულობების დასაცავად, როგორიცაა პლურალიზმი, ტოლერანტობა და სხვა.

იმის დადგენისას, გადააჭარბა თუ არა სახელმწიფომ მკაცრად დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ანიჭებს სათანადო მნიშვნელობას ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა იმ უფლებების ხასიათი, რომელიც კონვენცისგან გადახვევის შედეგად შეიზღუდა, საგანგებო ვითარების გარემოებები და მისი ხანგრძლივობა (Brannigan and McBride v. the United Kingdom, § 43; A. and Others v. the United Kingdom [GC], §173).

 

ევროკავშირის მიდგომები ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის დასაძლევად

ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე განსაკუთრებულად ნეგატიური შედეგების გათვალისწინებით, ევროკომისიის მიერ 2020 წლის 7 მარტს შეიქმნა დამოუკიდებელი ეპიდემიოლოგიისა და ვირუსოლოგების ჯგუფი, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი ფონ დერ ლეინი, ხოლო კომისარი კირიაკიდსი ვიცე-თავმჯდომარეა. ჯგუფის მიზანია წევრი სახელმწიფოებისთვის მეცნიერებაზე დაფუძნებული და კოორდინირებული რისკის მართვის ზომების შესახებ იმ რჩევებისა და მითითებების მიცემა, რომელიც გულისხმობს:

 

ა) რეაგირების ზომებს ყველა წევრი ქვეყნისათვის.

ბ) კლინიკურ მენეჯმენტში არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

გ) ჯანდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სხვა რესურსების პრიორიტეტულობას.

დ) პოლიტიკის ზომებს კორონავირუსის გრძელვადიანი შედეგებისთვის.

 

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის სამეცნიერო რჩევების საფუძველზე და ზემოხსენებული ჯგუფისგან მიღებული გამოხმაურების შედეგად, კომისიამ 2020 წლის 19 მარტს გამოაქვეყნა რეკომენდაციები საზოგადოების ზომების შესახებ (როგორიცაა სოციალური დისტანცია) და ტესტირების სტრატეგიები.

 

პერსონალური დამცავი მოწყობილობების (PPE) წარმოების განახლება

კომისია ყველა ნაბიჯს დგამს ევროპაში PPE–ს ადეკვატური მიწოდების უზრუნველსაყოფად. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან ევროკავშირში PPE–ს შესაძლო მარაგის, წარმოების შესაძლებლობების და მოსალოდნელი საჭიროებების შესაფასებლად. კომისიამ ასევე მიიღო რეკომენდაცია შესაბამისობის შეფასებისა და ბაზარზე დაკვირვების შესახებ.

 

პერსონალური დამცავი აღჭურვილობისთვის საჭირო საექსპორტო უფლებამოსილებები

ევროკავშირის გარეთ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის ექსპორტი ახლა ექვემდებარება წევრი სახელმწიფოების ექსპორტის ნებართვას. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გაათავისუფლა კიდეც პერსონალური დამცავი აღჭურვილობის ექსპორტი ავტორიზაციის მოთხოვნისგან. კომისიამ დაიწყო წევრ სახელმწიფოებთან პერსონალური დამცავი აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვები:

28 თებერვალი: ნიღბების მოწოდება

17 მარტი: პირველი — დაფარვის სახე-ნიღბები, ხელთათმანები, სათვალეები, სახის ფარები, ქირურგიული ნიღბები, სამოსი და მეორე — ვენტილატორები.

19 მარტი: ერთობლივი შესყიდვა ტესტირების ნაკრებზე.

 

სახელმძღვანელო მითითებები სასაზღვრო ზომებზე

ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის დროებითი (30 დღიანი) შეზღუდვა, მოგზაურობის სპეციფიკური კატეგორიის გამონაკლისით. აღნიშნული მოწონებული იქნა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების მიერ 2020 წლის 17 მარტს.

 

სახელმძღვანელო მითითებებიმწვანე ზოლებზე“

2020 წლის 23 მარტს, კომისიამ წევრ სახელმწიფოებს გასცა სახელმძღვანელო მითითებები „მწვანე ზოლების შესახებ“, რათა უზრუნველყონ საქონლის სწრაფი და მუდმივი გადინება ევროკავშირის მასშტაბით და თავიდან აიცილონ შეფერხებები შიდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

 

ევროკავშირის მოქალაქეების რეპატრიაცია (დაბრუნება)

ჯერჯერობით, რამდენიმე ათასი მოქალაქე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დააბრუნეს ჩინეთიდან, იაპონიიდან, აშშ-დან, მაროკოდან, ტუნისიდან და საქართველოდან. ევროკავშირის ლოჯისტიკური და ფინანსური დახმარების წყალობით, რეპატრიაციები კიდევ გრძელდება.

 

მხარდაჭერა ავიაკომპანიებს

ევროკავშირი შეთანხმდა იმგვარად, რომ ავიაკომპანიები არ იმოქმედებენ „მოჩვენებითი ფრენების“ („ghost flights“) შესაბამისად. „მოჩვენებითი ფრენა“ გახლავთ დაგეგმილი მარშრუტი, როდესაც ავიაკომპანია ფრენას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე რამდენიმე მგზავრი ჰყავს. ეს ტერმინი წარმოიშვა ევროპაში, სადაც ავიაკომპანიებს მოეთხოვებათ განაგრძონ თავიანთი მარშრუტების განხორციელება, ბორტზე მგზავრების გარეშეც კი, რათა მათ აეროპორტებში შეინარჩუნონ თავიანთი ავიაკომპანია. აღნიშულით ავიაკომპანიები მისდევენ წესს „გამოიყენეან დაკარგე“ („use-it-or lose-it“ rule) რომლის თანახმად, ავიაკომპანიებმა უნდა გამოიყენონ აეროპორტის სლოტების არანაკლებ 80%, რათა მათ შემდეგი წელი შეინარჩუნონ.

2020 წლის 26 მარტს, კომისიამ სახელმძღვანელო მოწოდება გასცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რათა ხელი შეუწყონ საჰაერო ტვირთის ოპერაციებს კორონავირუსული კრიზისის დროს. სახელმძღვანელო რეკომენდაცია ხელს უწყობს ოპერაციულ და ორგანიზაციულ ცვლილებებს საჭირო ნაკადების შესანარჩუნებლად, სამედიცინო აღჭურვილობისა და პერსონალის ჩათვლით.

 

ქმედებები ეკონომიკისთვის

ევროკომისიის მიზნებია:

1) ევროკავშირის ბიუჯეტის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მობილიზება ხალხის სამუშაო ადგილების გადასარჩენად და კრიზისის შედეგად დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად.

2) „ლიკვიდობის ზომები“ ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად.

EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკის) ჯგუფი მიზნად ისახავს დამატებით 20 მილიარდი ევროს ინვესტიციის შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რისთვისაც ნაწილობრივ გამოიყენებს საკუთარ კაპიტალს და ნაწილობრივ კი მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ევროკომისია ევროკავშირის ბიუჯეტის გარანტიით, 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირის ინვესტიციების ფონდს. ასე რომ, შესაძლებელი გახდა მობილიზდეს 8 მილიარდი ევრო, რათა მინიმუმ 100 000 კომპანიას დაეხმაროს.

 

კვლევის ხელშეწყობა, ვაქცინის ჩათვლით

კომისიამ 140 მილიონ ევროს მობილიზაცია უზრუნველჰყო ვაქცინების, ახალი მკურნალობის, დიაგნოსტიკური ტესტებისა და სამედიცინო სისტემების დასამუშავებლად, რათა არ გავრცელდეს კორონავირუსი. 17 პროექტი, რომელშიც 136 კვლევითი გუნდი მონაწილეობს, შეირჩა რათა მიეღოთ 47.5 მილიონი ევრო ევროკავშირის Horizon 2020-ის კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების პროგრამისგან. განხორციელდა არაერთი დაფინანსება სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენეტების კუთხით.

კომისიამ შესთავაზა CureVac-ს, უაღრესად ინოვაციური ევროპული ვაქცინების დეველოპერს, 80 მილიონ ევრომდე თანხა, ევროკავშირის EIB სესხის გარანტიის სახით. კომპანია მიზნად ისახავს ვაქცინის კლინიკური ტესტირების დაწყებას 2020 წლის ივნისამდე.

 

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა

კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს სოციალური მედიის პლატფორმებთან. ყველა დიდმა პლატფორმამ მიიღო ზომები ავტორიტეტული შინაარსის გასაზრდელად და შეცდომაში შემყვანი, არალეგალური და მავნე შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შემცირების მიზნით, მაგალითად, შეთქმულების თეორიების ვირუსის წარმოშობის ან მისი სავარაუდო განზრახული გავრცელების თაობაზე. კომისიის ვიცე-პრეზიდენტი პერიოდულად ხვდება Google-ს, Facebook-ს, Twitter-ს, Microsoft-ს და სხვებს, მიღებული ზომებისა და შემდგომ მოქმედებების განსახილველად.

ჯერჯერობით კოროვირუსზე 110-ზე მეტი დეზინფორმაციული ნარატივი იყო გამოაშკარავებული www.EUvsDisinfo.eu-ზე.

დღვენადელი მოცემულობით, ევროკომისიის პრიორიტეტებია,როგორც ინფექციის გავრცელების ტენდენციის დაძლევა, ისე სამედიცინო სისტემებისა და მუშაკებისთვის დროისა და სივრცის მიცემა. ამდენად, პრიორიტეტად განისაზღვრა ევროკავშირის ყველა მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გარანტია, საქონლის შედინების ნაკადის შენარჩუნებისას ადამიანის ვირუსის გავრცელებისგან დაცვა. ამ მიზნით, კომისია კოორდინაციას უწევს სისტემატურ კონტაქტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის მინისტრებსა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის. ეროვნულ მთავრობებს მიეცათ სახელმძღვანელო მითითებები სასაზღვრო ზომების შესახებ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაიცვან მოქალაქეების ჯანმრთელობა, იმის პარალელურად, როდესაც აუცილებელია საქონლის მიწოდება და პერსონალის ადგილზე ყოფნა, როგორც ჯანდაცვის სისტემებში ავადმყოფ პაციენტებთან, ისე ქარხნებსა და მაღაზიებში (https://ec.europa.eu/info/live-work-travel-eu/health/coronavirus-response_en).

 

სალომე დარასელია