Covid-19, საგანგებო მდგომარეობა და არასრულწლოვანთა დისტანციური სწავლება

Covid-19, საგანგებო მდგომარეობა და არასრულწლოვანთა დისტანციური სწავლება

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვი უეცრად აღმოჩნდა უპრეცედენტო სიტუაციაში: ახალი „კორონავირუსის“ (COVID-19) პანდემიის გამო დაკეტილია სკოლები, გაუქმებულია სპორტული შეჯიბრებები, აკრძალურია თანატოლებთან შეხვედრაც კი. „იუნესკოს“ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის) მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაიხურა 100-ზე მეტ სახელმწიფოში, ეს კი შეეხო 849 400 000 არასრულწლოვანს. 11 ქვეყანაში სკოლები დაიხურა ადგილობრივ დონეზე. ამ მხრივ არც საქართველო არის გამონაკლისი: კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საბჭომ გადაწყვიტა, რომ სწავლა სკოლებში არ აღდგება 21 აპრილამდე.

2020 წლის 23 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ იქნა №181 დადგენილება. დადგენილების მიხედვით განისაზღვრა ღონისძიებები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უნდა გატარდეს საქართველოში. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობს ინსტრუქციებზე, რომელიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას, დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული. სამინისტრო ამით უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან.

ამ მიმართულებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. რეკომენდაციების თანახმად სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.

ბევრ სკოლაში უკვე შემოღებულ იქნა დისტანციურ რეჟიმში სწავლება, რომელსაც ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის მე-2 მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტი დისტანციურ სწავლებაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესსაც მოიზარებს. ამისთვის კი საჭიროა დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის სასწავლო გეგმის იმგვარად გაწერა, რომ გათვალისწინებულ იქნეს სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომები და მეთოდები.

დასახელებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის წარმართვას სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის. კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა მიზნებისათვის. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. აღნიშნული გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის ერთსა და იმავე დროს ხორციელდება კომუნიკაცია. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

აუცილებლად გასათვალისწინებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები დისტანციური სწავლების დროს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ონლაინ-სასწავლო პროცესის, ონლაინ შეხვედრების ამსახველ (მათ შორის, იუმორისტულ) ფოტო-ვიდეო მასალას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ ონლაინ შეხვედრების, ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო გამოსახულება) წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას. არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს „ბულინგის“ ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი). შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით (იხ. www.personaldata.ge/ka/press/post/6349).

კანონის მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცდილობს მასთან შესაბამისობაში მოიყვანოს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული საქართველოს სკოლებში არსებული ვითარება და ამ მიზნით ატარებს ბევრ ღონისძიებას.

სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას უკვე უწევს. ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ — განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში. პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უკვე გაეგზავნათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, ამოქმედდა მხარდამჭერი სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ რეჟიმში გააგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე.

600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით: „Microsoft office 365-ით“, რომელიც აერთიანებს „Microsoft TEAMS-ს“, „OneNote-ს“ და სხვა.

იმ მოსწავლეების დასახმარებლად, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, წარმოებაში ჩაშვებულ იქნა პროექტი ტელე-სკოლა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა მედიაპლატფორმა: მეორე არხი, ვებპორტალი www.1tv.ge, „YouTube-სა“ „Facebook-ის“ გვერდები. სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა, მომზადდა სასწავლო პროგრამები, საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები. ასევე გადაწყდა, რომ აღნიშნული პროექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაგრძელდება შექმნილი ვითარების დასრულების შემდეგაც.

სკოლების დახურვის არასასიკეთო შედეგების გადაფასება რთულია. იმისთვის, რომ ქვეყნებს პრობლემათა სიმწვავე შემსუბუქდეს, „იუნესკომ“ შეადგინა მოკლე ჩამონათვალი ამ შედეგებისა, რომელთაგან უმრავლესობა ცდება განათლების სექტორის საზღვრებს. სკოლების დახურვის უარყოფითი შედეგები ჩამოთვლილია ქვემოთ:

 

ა) სასწავლო პროცესის დარღვევა არასასიკეთო შედეგები არაპროპორციულად ეხება სოციალურად დაუცვლელი ოჯახების მოსწავლეებს, რომლებიც, როგორც წესი, ფლობენ ნაკლებ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება სკოლის ფარგლებს გარეთ.

ბ) კვება ბავშვთა უმრავლესობა ამყარებს იმედებს უფასო ან შეღავათიან საკვებზე, რომელსაც უზრუნველყოფენ სკოლები ჯანსაღი კვების ძირითადი წყაროს სახით.

გ) დაცვა სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას. როდესაც სკოლები იხურება, არასრულწლოვნები ხდებიან უფრო მოწყლადი სხვადასხვა რისკების წინაშე.

დ) მშობლები არ არიან მზად დისტანციური და საშინაო სწავლებისათვის როდესაც სკოლები იხურება, მშობლებს ხშირად სთხოვენ, ხელი შეუწყონ ბავშვთა სწავლას სახლში, მაგრამ მათ ხშირად არ გააჩნიათ შესაძლებლობა, სრულად გაუმკლავდნენ ამ დავალებას. ეს განსაკუთრებით ეხება მშობლებს, რომელთაც შედარებით ნაკლები რესურსი გააჩნიათ.

ე) არათანაბარი წვდომა სწავლების ციფრულ პორტალებთან ტექნოლოგიებთან ან კარგ ინტერნეტკავშირთან წვდომის არარსებობა წარმოადგენს შეფერხებას სწავლის გასაგრძელებლად.

ვ) ბავშთა მოვლის პრობლემები ალტერნატიული ვარიანტების არარსებობისას დასაქმებული მშობლები არასრულწლოვნებს ხშირად ტოვებენ სახლში მარტო. ამან კი ბავშვი შეიძლება მიიყვანოს სარისკო ქცევამდე.

ზ) მაღალი ეკონომიკური დანახარჯები სკოლების დახურვისას, დასაქმებული მშობლები უფრო ხშირად აცდენენ სამსახურს, რათა იზრუნონ სახლში დარჩენილ ბავშვებზე, რაც საბოლოო ჯამში იწვევს შემოსავლის შემცირებას.

თ) სოციალური იზოლაცია სკოლა არის სოციალური აქტივობისა და ბავშვთა ურთიერთობის ცენტრი. როდესაც სკოლები იხურება, არასრულწლოვნები აკლდებიან განვითარებისათვის აუცილებელ სოციალურ კონტაქტებს.

 

სკოლების დახურვა, Covid-19 ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მთელ მსოფლიოშო აფერხებს მილიონობითი მოსწავლის სასწავლო პროცესს. „იუნესკო“ იძლევა 10 რეკომენდაციას საგანმანათლებლო პროცესის უწვეტობის უზრუნველსაყოფად მთელი ამ პერიოდის მანძილზე:

1. იქნეს გაანალიზებული საკუთარი მომზადების ხარისხი და არჩეულ იქნეს ყველაზე ხელსაყრელი ინსტრუმენტები სკოლები უნდა ჩამოყალიბდნენ მაღალტექნოლოგიური ან დაბალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებაში მასწავლებლების და მოსწავლეების ადგილობრივ დონეზე ენერგომომარაგების საიმედოობის, ინტერნეტთან წვდომის და ციფრული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.

2. უზრუნველყოფილ იქნეს დისტანციური სწავლების პროგრამათა ინკლუზიურობა, რაც გულისხმობს ყველასათვის სასწავლო პროგრამებთან წვდომის უზრუნველყოფას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან დაბალშემოსავლიან პირთათვის, თუკი მათ უმრავლესობას არ გააჩნია ციფრული მოწყობილობა. ასეთ დროს განხილვის საგანი უნდა გახდეს მათთვის ასეთი ტიპის მოწყობილობათა დროებით გადაცემის შესაძლებლობა.

3. უზრუნველყოფილ იქნეს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტ სივრცეში მონაცემთა ან საგანმანათლებლო რესურსების ატვირთვისას, ასევე მათი სხვა ორგანიზაციებისთვის ან კერძო პირებისათვის გადაცემისას, შეფასდეს უსაფრთხოების დონე. სკოლები უნდა დარწმუნდნენ, რომ აპლიკაციების და პლატფორმების გამოყენება არ არღვევს მოსწავლეთა მონაცემების კონფიდენციალურობას.

4. სწავლის დაწყებამდე პრიორიტეტული ყურადღება მიექცეს ფსიქოსოციალური პრობლემების გადაჭრას სკოლებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კავშირების დასამყარებლად უნდა მობ ილიზდეს ხელმისაწვდომი საშუალებები. რეგულარული სოციალური ურთიერკავშირის, სოციალური დაცვის და რეაგირების ზომების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სოციალურ ქსელებში ჯგუფები.

5. შეიქმნას დისტანციური სწავლების პროგრამების ცხრილი დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გაანალიზონ სკოლების დახურვის ხანგრძლივობა და დაადგინონ, რომ დისტანციური სწავლების პროგრამა მიმართული უნდა იყოს ახალი ცოდნის შესწავლისკენ, თუ უკვე შეძენილი ცოდნის გამყარებისაკენ. მეცადინეობების ცხრილი შედგენილ უნდა იქნეს დაინფიცირებულ რეგიონებში სიტუაციის, განათლების დონის, მოსწავლეთა საჭიროებების და მშობელთა თავისუფალი დროის არსებობის გათვალისწინებით. შეირჩეს სწავლის ხელსაყრელი მეთოდიკები, რომელიც დაფუძნებულია სკოლების დახურვისა და საშინაო კარანტინის სტატუსზე. არიდებულ იქნეს ისეთი მეთოდები, რომელიც საჭიროებენ უშუალო კონტაქტს.

6. მასწავლებლების და მშობლების მხარდაჭერა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაში დაიგეგმოს მოკლე ტრენინგები ან გაცნობითი სახის მეცადინეობები მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, თუ ისინი საჭიროებენ შემდგომ დახმარებასა და მხარდაჭერას. დახმარება უნდა გამოიხატებოდეს მასწავლებლებისთვის საბაზო პირობების შექმნაში, რაც აუცილებელია სასწავლო პროცესის უწყვეტობისათვის.

7. გაერთიანდეს შესაბამისი ინსტრუმენტები და შეიზღუდოს აპლიკაციების და პლატფორმების რაოდენობა გაერთიანდეს როგორც სინქრონული კავშირისთვის, ისე მეცადინეობისა და არასინქრონული სწავლებისათვის განკუთნილი ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლეთა უმრავლესობისათვის. მაქსიმალურად არიდებულ იქნეს მშობლების და მოსწავლეების შეწუხება იმ თხოვნით, რომ მათ ჩამოტვირთონ და სცადონ დიდი რაოდენობის აპლიკაცია და პლატფორმა.

8. დაწესდეს დისტანციური სწავლების წესები და გაკონტროლდეს სწავლის პროცესი მშობლებსა და მოსწავლეებთან უნდა განისაზღვროს დისტანციური სწავლების წესები. მოსწავლეთა სწავლის პროცესის საგულდაგულო მონიტორინგისთვის უნდა მომზადდეს კითხვები, ტესტები და სავარჯიშოები. კარგია, თუ გამოიყენებენ ისეთი ხერხს, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ უკუკავშირის დამყარება მშობლების დახმარების გარეშე.

9. განისაზღვროს დისტანციური სწავლების ერთეულების ხანგრძლივობა მოსწავლეთა თვითრეგულაციის უნარ-ჩვევების საფუძველზე შენარჩუნდეს სწავლის რიტმი მოსწავლეთა თვითრეგულაციის და მეტაკოგნიტური (აზროვნება აზროვნების შესახებ) უნარების დონის შესაბამისად, განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში გასული გაკვეთილების მიმართ. სასწავლო ერთეული, დაწყებითი სკოლის მოსწავლეთათვის, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო საშუალო სკოლელებისთვის — 40 წუთს.

10. შეიქმნას ჯგუფები სოციალური კავშირის შესანარჩუნებლად, რათა მოგვარდეს მარტოობის პრობლემა, ასევე გამარტივებულ პროცესში გაზიარდეს გამოცდილება და განიხილოს სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვის სტრატეგიები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობას დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორისაა — პროექტი ტელე-სკოლა (რის შესახებაც ზემოთ არის აღნიშნული), დისტანციური ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ელექტრონული რესურსების გამრავალფეროვნება და სხვა.

„იუნისეფი“ (გაეროს ბავშვთა ფონდი) კი გვახსენებს, რომ „კორონავირუსის“ პანდემიას თან სდევს სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის გამოვლინება, და ზრდასრულებს მოუწოდებს დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი არასრულწლოვანი შვილები არ განიცდიან „ბულინგს“ ან/და თვითონ არ მონაწილეობენ თანატოლების ჩაგვრაში. აუცილებელია, ავუხსნათ მათ, რომ COVID-19 პანდემია არ სცნობს ადამიანის გარეგნობას, რელიგიურ ან ეროვნულ კუთვნილებას.

 

ტასო შანავა