COVID-19, საერთაშორისო გადაზიდვები და შეზღუდვები საქართველოში

COVID-19, საერთაშორისო გადაზიდვები და შეზღუდვები საქართველოში

Covid-19-ის პანდემიამ სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის საქმიანობაზეც იქონია გავლენა. სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, განსხვავებულად მოწესრიგდა საერთაშორისო გადაზიდვებიც. ექსპორტის ან/და იმპორტის განმახორციელებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეგულაციები, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოშია დაწესებული.

პირველ რიგში განვიხილოთ შიდასახელმწიფიებრივი მოწესრიგება: გადაზიდვასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეზღუდვებია გათვალისწინებული. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ― უცხო ქვეყანის მოქალაქე მძღოლის ვალდებულება მისმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დატოვოს საქართველოს ტერიტორია საქონლის შემოტანიდან 24 ან 48 საათის განმავლობაში, ვადა დამოკიდებულია გადაზიდვის ტიპზე, ადგილმდებარეობაზე და სხვა გარემოებებზე.

გამოსარჩევი თემაა საერთაშორისო ვაჭრობის მოწესრიგება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით (დანართი N2) განსაზღვრულია, რომ დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები. საერთაშორისო გადაზიდვები კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს: მაგალითად ის, თუ როგორ წესრიგდება გადაადგილების პროცესი და რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ ან/და რა რეკომენდაციები არსებობს საზღვარზე გადაადგილებისას?

გადამზიდველი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე, უცხო ქვეყნის საზღვარზე დადგენილი წესების ცოდნა, იმისათვის, რომ შეუფერებლად განახორციელოს დაგეგმილი გადაზიდვა.

საქართველოში Covid–19-ის გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით (გამოცემულია საქართველოს მთავრობის დროებითი განკარგულება N164), უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას), საბაჟო გამშვებ პუნქტზე უტარდება სკრინინგი, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად. ფიქსირდება სკრინინგის დროს გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევები და ხორციელდება შემდეგი პროცედურები:

ა) პირის დაუყოვნებლივი დროებითი იზოლაცია ადგილზევე. თუ შეუძლებელია ამგვარი მოქმედების განხორციელება, მას ესკორტირებით გადაიყვანენ საბაჟო კონტროლის უახლოეს ზონაში.

ბ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი გამწევის (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტომობილის, შეწყვილებული კომბინაციის) გადაადგილება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში და ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;

უცხო ქვეყნიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით უნდა იცოდნენ შემდეგი უფლებები და ვალდებულებები:

⦁ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროცედურების დასრულების შემდეგ, დანიშნულების ადგილამდე უნდა გადაადგილდნენ გაუჩერებლად, გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებზე (www,tpl.ge) და საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე;

⦁ STOP POINT-ებზე (მდებარეობს ურბნისი, თერჯოლა, გორი და ზესტაფონის ტერიტორიაზე) მძღოლს უფლება აქვს შეავსოს საწვავის მარაგი, შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი, მოიწესრიგოს თავი და შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები/სურსათი;

⦁ შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა), მძღოლი უნდა დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და მათ მისვლამდე უნდა დარჩეს ავტომობილის კაბინაში. ამ მიზნებისათვის უნდა დარეკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ნომერზე ― 112;

უცხო ქვეყანის მოქალაქე მძღოლის შემთხვევაში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

⦁ ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა) ― ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

⦁ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას ― ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

⦁ სხვა შემთხვევებში ― ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში.

საქართველოს მოქალაქის მიერ მართული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში:

⦁ ტრანზიტულად გადაადგილებისას სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე) მიტანის ვადა განისაზღვრება 24 საათით, ხოლო ასეთი გადაადგილების საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ან მისი მიმართულებით განხორციელების შემთხვევაში – 48 საათით.

⦁ სხვა შემთხვევაში, გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე (განთავსებულია თბილისში, ბათუმსა და ფოთში), საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;

⦁ თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოსვლა ან/და საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ― ქვეყანაში შემოსვლიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების ვადაში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 (ავტომობილები გასხვავდება ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა დასაშვები წონა, ზომა, მოცულობა და ა.შ) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.

რაც შეეხება დაწესებულ მოთხოვნებზე კონტროლს, ზემოაღნიშნული წესების დარღვევისათვის (გარდა რეკომენდაციების შეუსრულებლობისა, ან იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას), ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჯარიმდება 3 000 ლარით. ამასთან, თუ დარღვევა შეეხება გადაადგილების ვადებს, სატრანსპორტო საშუალება (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მართული) დაუყოვნებლივ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, სხვა შემთხვევაში მძღოლი მოთავსდება 14-დღიან კარანტინში და სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ საჯარიმო სადგომზე.

საყურადღებოა ასევე, 2020 წლის 28 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1-1/179–№01-44/ნ–№99–№2/ნ, რომლითაც განისაზღვრა „საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესი“. საქართველოს მოქალაქე მძღოლი უფლებამოსილია დეტალურ ინფორმაციასა და წესებს გაეცნოს აღნიშნულ ბრძანებაში.

საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. ამავდროულად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან ექსპორტის ოპერაციისათვის საჭირო საბაჟო პროცედურების განსახორცელებისას რეკომენდებულია გადამზიდავმა მაქსიმალურად ისარგებლოს დისტანციური ელექტრონული სერვისებით. (ელექტრონული საბაჟო სერვისების გასაცნობად იხ. ბმული www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6505&lang=1).

ელექტრონული სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში, გადამზიდავი თავისუფლდება საბაჟო ორგანოში მისვლის ვალდებულებისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაიცავს საკუთარ ჯანმრთელობას და დაზოგავს დროს. რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდირებულია (განსაკუთრებით იმპორტის შემთხვევაში) საქართველოში ტვირთების შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განხორციელდეს სარკინიგზო ტრანსპორტით.

მაშასადამე, შექმნილ ვითარებაში, საერთაშორისო გადაზიდვების წარმოებისათვის საუკეთესო გზას წარმოადგენს ელექტრონული სერვისებით სარგებლობა, შიდასახელმწიფოებრივი და უცხო ქვეყნის მიერ დადგენილი მოთხოვნების ცოდნა და მათი გათვალისწინება. პანდემიასთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებების ცოდნა კი გადამზიდველებს დაეხმარება წინასწარ დაგეგმონ მარშუტი და იმოძრაონ შეუფერხებლად.

 

ანი ილაური