Covid-19, FIFA, UEFA და საქართველო

Covid-19, FIFA, UEFA და საქართველო

Covid-19 წარმოადგენს რესპირატორულ ინფექციას, რომელმაც აიძულა ადამიანებს მორგებოდნენ შეცვლილი სამყაროს ახლადდამკვიდრებულ წესებს. ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია. სტატიის დაწერის მომენტში (2020 წლის 27 მარტი) ვირუსი ფიქსირდება მსოფლიოს 199 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, აგრეთვე ერთ საკრუიზო გემზე, რომელიც იაპონიის წყლებში იმყოფებოდა.

კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ ბევრი საერთაშორისო ღონისძიების თარიღი შეცვალა. გამონაკლისი არც სპორტული სამყარო აღმოჩნდა. ეს კი განსაკუთრებით შეეხო ფეხბურთს: მაგალითად, 2021 წლის ივნისსა და ივლისში FIFA-ს ორგანიზებით, პირველად ისტორიაში, 24 გუნდიანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო (ჩინეთში). თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, იგი გადაიდო (ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით).

FIFA-მ დაიწყო გარემოების შესაბამისად მოქმედება. 2020 წლის 18 მარტის ვიდეოკონფერენციის დროს FIFA-ს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შეიქმნება FIFA-ს კონფედერაციის სამუშაო ჯგუფი, რომლის ვალდებულებაა მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი და მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა.

FIFA-ს 2022 წლის მსოფლიო თასის რეგულაციის მე-5 მუხლის მიხედვით ნებისმიერი მატჩი, რომელიც არ ჩატარდება ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო შესაძლოა განმეორებით გაიმართოს FIFA-ს ბრძანების საფუძველზე.

FIFA-ს სტატუტის 33-ე მუხლი კი ეხება საგანგებო მდგომარეობის საკითხს. საგანგებო მდგომარეობის დროს იქმნება საგანგებო მდგომარეობის კომიტეტი, რომელიც შედგება FIFA-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის მიერ კონფედერაციებში არჩეული თითო წევრისგან.

პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას სხდომების მოწვევის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი სხდომა არ იქნება მოწვეული შესაბამის დროში, გადაწყვეტილებები მიიღება კომუნიკაციის სხვა საშუალებით: პრეზიდენტი ატყობინებს აღმასრულებელ კომიტეტს საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში. საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რატიფიცირდება აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომაზე. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ვერ ესწრება სხდომას, მას ანაცვლებს ვიცე-პრეზიდენტი.

FIFA-მ გასცა რეკომენდაცია, რომ მიმდინარე წლის მარტში არ გამართულიყო არცერთი სანაკრებო თამაში. FIFA-ს რეკომენდაციებს ითვალისწინებენ დანარჩენი კონფედერაციები. ევროპის მაგალითზე დაყრდნობით, UEFA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ერთა თასის პლეი-ოფების თამაშები (ჩანიშნული თარიღები: 26 და 31 მარტი) გადადო (დღევანდელი მოცემულობით, მიმდინარე წლის ივნისის თვის დასაწყისში გაიმართება). აღნიშნული რეგულაცია შეეხო საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც, რომელსაც ბელარუსთან ნახევარფინალში უწევს თამაში (და შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს თამაშში გამარჯვებულს შეხვდება). სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (ისევე, როგორც ბელარუსის მხარე) დაემორჩილა ამ პირობებს.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018-2021 წლის რეგულაციის 83-ე მუხლი გაუთვალისწინებელი გარემოებების შესახებ ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: ისეთი საკითხები, რომელიც არ არის მოწესრიგებული უშუალოდ ამ აქტით (მაგალითად, ფორს-მაჟორული სიტუაციები), უნდა გადაწყდეს UEFA- გადაუდებელ შემთვევათა პანელის მიერ. მაგრამ თუკი პანელი დროულად ვერ რეაგირებს კონკრეტულ შემთხვევებზე, მაშინ გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი ხდება UEFA- პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი. მსგავს სიტუაციებში მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოა.

აღნიშნულზე დაფუძნებით, UEFA-მ ასევე გადადო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების, მეოთხედფინალების, ნახევარფინალებისა და ფინალის მატჩები. ანალოგიური შეეხო ევროპა ლიგას. დღევანდელი მოცემულობით, ევროტურნირების ფინალები ჩატარდება 2020 წლის ივნისის ბოლოსთვის (თუ იქამდე მოხერხდა და დარჩენილი მატჩები გაიმართა).

UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, ასევე გადაიდო EURO 2020. მიზეზი კვლავ Covid-19-ია, რადგან ასოციაციისთვის თამაშში ჩართული თითოეული პირის ჯანმრთელობა არის პრიორიტეტული. ვიდეოკონფერენციაზე აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასრულებელი კომიტეტის მიერ იქნა მიღებული, რომელიც დაკომპლექტებული იყო ეროვნული ასოციაცის 55 გენერალური მდივანის, ევროპული კლუბების ასოციაციის, ევროპული ლიგებისა და FIFPro (პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის) წარმომადგენლებისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილებით გადაიდო როგორც ქალთა და ისე მამაკაცთა ყველა შეჯიბრი.

აღსანიშნავია, რომ UEFA EURO 2020-ის მატჩები აზერბაიჯანში, ინგლისში, უნგრეთში, გერმანიაში, დანიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, რუსეთში, ნიდერლანდებში, რუმინეთსა და შოტლანდიაში უნდა გამართულიყო. აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას ისტორიაში, როდესაც სანაკრებო ტურნირი ერთდროულად 12 ქვეყანაში ჩატარდება.

UEFA EURO 2020 წარმოადგენს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ სახელწოდებას. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის ჩატარება ერთი წლით გადაიდო, ამჟამად UEFA-ში მიმდინარეობს მსჯელობა ჩემპიონატის სახელწოდების შეცვლის (ან ძველი სახელწოდების დატოვების) თაობაზე. მომავალ წელს გასამართი ჩემპიონატი ჩატარდება UEFA EURO 2020-ის თუ UEFA EURO 2021-ის სახელწოდებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: UEFA EURO 2021 არ არის UEFA-ს მიერ სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, ამგვარი სახელწოდების გამოყენება მათ მიერ არ იქნება უფლების დარღვევის წინაპირობის მატარებელი: პრიორიტეტულობის პრინციპისა და არსებული გარემოების გათვალისწინებით, UEFA-ს შეეძლება UEFA EURO 2021-ის თავისი შეხედულებისამებრ გამოყენება.

ვირუსმა შეაჩერა არა მარტოს FIFA-ს და UEFA-ს მატჩები, არამედ ეროვნული ლიგაც. ჯერჯერიბით უცნობია როდის განახლდება საქართველოს ჩემპიონატი, რადგან ეს სრულიად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების ხასიათზე.

მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (შემდგომში — სფფ) მიიღო გადაწყვეტილება სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2ის“, „ლიგა 3-ის“, ასევე, ასაკობრივი ჩემპიონატების პირველ აპრილამდე შეჩერების თაობაზე.

სფფ-ს წესდების მე-40 მუხლის მიხედვით კი, საგანგებო კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც საჭიროებს აღმასრულებელი კომიტეტის ორ სხდომას შორის სასწრაფო გადაწყვეტას. საგანგებო კომიტეტი შედგება სფფ-ის პრეზიდენტისა და 4 წევრისგან, რომლებიც შეირჩევა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისგან და ინიშნება 4 წლის ვადით. თუკი კომიტეტის სხდომის მოწვევა არ ხდება განსაზღვრულ ვადაში, გადაწყვეტილება მიიღება კომუნიკაციის სხვა საშუალებით. საგანგებო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყევეტილება რატიფიცირდება აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომაზე. თუკი პრეზიდენტი არ ესწრება სხდომას მას უხუცესი ვიცე-პრეზიდენტი ანაცვლებს. სფფ-ის წესდემის 77-ე მუხლი ეთმობა „გაუთვალისწინებელ შემთხვევებსა და ფორს-მაჟორს“, რომლის მიხედვითაც სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე, რაც არ არის გათვალისწინებული წესდებით, მათ შორის ფორს-მაჟორული მდგომარეობის შესახებ. გადაწყვეტილება კი მაქსიმალურად უნდა ემსახურებოდეს მიზანს, თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება დღევანდელ მდგომარეობაში მიადგეს საფეხბურთო ცხოვრებას.

კორონავირუსმა უპრეცედენტო ზიანი მიაყენა სპორტულ სამყაროს, თუმცა FIFA და UEFA მაქსიმალურად ცდილობს ზიანის მინიმუმამდე დაყვანას. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ლიგებისა და კლუბების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც იმუშავებენ ახალ კალენდარზე, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მიმდინარე სეზონის მოდიფიცირებულად დასრულება. ასოციაციებისთვის რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორ ჩატარდება მომავალი ტურნირები, რადგან მოცემულ ვითარებში სრულიად სპორტული სამყარო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ემორჩილება.

 

თამარ წულუკიძე