COVID-19 და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხები

COVID-19 და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხები

ახალმა კორონავირუსმა ჯანმრთელობის დაზღვევაზეც მოახდინა ზეგავლენა. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება მზღვეველთა (სადაზღვევო კომპანიის) ინტერესებს, სწორედ მათ მიადგად ზიანი. ამ თვალსაზრისით, წინამდებარე ბლოგი შეეხება იმ სფეროებს, რომელმაც ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ და ჩვეული ცხოვრების რიტმის დარღვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში ცვლილებები განიცადა.

ჯანმრთელობის დაზღვევა და ახალი კორონავირუსი

Covid-19-ით დაინფიცირებისას, იმ პირებს, რომელთაც დაზღვეული აქვთ საკუთარი ჯანმრთელობა, არ სჭირდებათ თავიანთი კერძო სადაზღვევო პოლისის  გამოყენება, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების (საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ) თანახმად, სახელმწიფო (კერძოდ ― საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ ― ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ ― საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) უზრუნველჰყოფს სკრინინგს, შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას და შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებლივ ევაკუაციას. ვინაიდან, პირს არ უწევს თავისი ხარჯებით დამოუკიდებლად მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას მკურნალობის მიზნით, სადაზღვევო შემთხვევაც არ გვაქვს სახეზე.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პანდემიის განმავლობაში არსებობს იმის საშიშროება, რომ პირები შეწყვეტენ თავიანთ დაზღვევის ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანიებთან. ასეთი რამ პრაქტიკაშიც შეგვხვდა რამდენიმე შემთხვევაში.

მართალია, პირი თავის კერძო დაზღვევას ვერ იყენებს ახალი კორონავირუსით დაავადებისას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი სადაზღვევო პოლისი სხვა დაავადებებთან მიმართებით კვლავ მოქმედებს. შესაბამისად, ხელშეკრულებაში ჩარევის (შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების) საჭიროება არ დგას, ამიტომაც სადაზღვევო კომპანიები ხელშეკრულების პირობებს არ ცვლიან, ვინაიდან პოლისი Covid-19-ის დროსაც გამოყენებადია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათთვის ფორს-მაჟორი (ანუ ისეთი გარემოება, რომელსაც პირი ვერ აიცილებს თავიდან) არ დგას. თუმცაღა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ პირს Covid-19-თან ერთად სჭირს სხვა დაავადება, სახელმწიფო ამ დაავადებათა მკურნალობაზეც ზრუნავს.

ჯანმრთელობის დაზღვევა შრომითი ურთიერთობისას

ჯანმრთელობის დაზღვევის ეს სახე დამოკიდებულია შრომითსამართლებრივ ურთიერთობებზე. პრაქტიკაშიც საკმაოდ გავრცელებულია, როდესაც დამსაქმებელი თავად იხდის თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის შენატანებს (ანუ იმ თანხას, რაც ღირს სადაზღვევო პაკეტი), ასევე არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც დასაქმებულის ხელფასი მოიცავს შენატანებს.

ამ საკითხთან მიმართებით აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სავალდებულო შრომით დაზღვევას. მაგალითად, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონში ვხვდებით ჩანაწერს დამსაქმებლის ვალდებულებაზე დააზღვიოს დასაქმებულის უბედური შემთხვევები სამუშაო დროის განმავლობაში, საკუთარი ხარჯებით. აღნიშნული ეხება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებს. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაო ობიექტების დიდი ნაწილი დაიხურა ბოლო რამდენიმე თვეში (მას შემდეგ, რაც პანდემია საქართველოშიც გავრცელდა), ეჭვქვეშ დგება სამუშაო დაზღვევის გამოყენების ინტენსივობა. თანაც, ბევრმა დასაქმებულმა დაკარგა სამუშაო ადგილი და მათი დაზღვევის აუცილებლობა აღარ არსებობს.

განხილული პრობლემების მოგვარების გზა შესაძლებელია იყოს ის, რომ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს მათთან დადებული ხელშეკრულების გონივრული ვადით შეჩერების თაობაზე, კერძოდ იმ დრომდე, როცა ისინი შეძლებენ სადაზღვევო შენატანების (ანაზღაურების) გადახდას.

შრომით დაზღვევასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ, რა ბედი ეწევა მას იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება შეწყდება. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მიბმულია შრომით ხელშეკრულებაზე, მაშინ ამ უკანასკნელთან ერთად წყდება დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედებაც. თუ არ არის მიბმული, მაშინ სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების მიხედვით შეწყდება ხელშეკრულება. ერთ-ერთმა კომპანიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დათხოვნილ თანამშრომლებს კიდევ 2 თვით შეუნარჩუნა ჯანმრთელობის დაზღვევა.

ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პაკეტები Covid-19-ის ფონზე

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები გაითვალისწინეს სადაზღვევო კომპანიებმა და მომხმარებლებს შესთავაზეს  ახალი კორონავირუსის რეალობაზე მორგებული შემდეგი სადაზღვევო პაკეტები:

ა) ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია პაკეტის შესახებ, რომლის საშუალებითაც კომპანიებს, მიზერული სადაზღვევო შენატანების სანაცვლოდ, თავიანთი თანამშრომლებისათვის Covid-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევა შეეძლებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზღვევა გავრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე 18-დან 65 წლამდე, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, აქვს მძიმე მიმდინარეობა და ესაჭიროება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა. დაზღვეული ამ შემთხვევაში იღებს ანაზღაურებას 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო კორონავირუსით მისი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახი იღებს ანაზღაურებას 50 000 ლარის ოდენობით.

ბ) იმავე კომპანიამ 300 000 ლარი გამოყო ახალ კორონავირუსთან მებრძოლი ექიმებისა და ექთნების დასაზღვევად. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ თუ რომელიმე მათგანი Covid-19-ით დაინფიცირდება, მიიღებს 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის დადასტურებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში 4 000 ლარს მიიღებს ექიმი ან/და ექთანი, ხოლო ლეტალური შემთხვევის დადგომისას, ოჯახს გადაეცემა დამატებითი თანხა 6 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა კი ჯამურად 10 000 ლარი გამოდის. ამ ნაბიჯით კომპანიამ საზოგადოების კეთილგანწყობა დაიმსახურა, რაც ახალი მომხმარებლების მოზიდვის წინაპირობაა.

გ) ერთ-ერთმა კომპანიამ ბიზნესკომპანიებს შესთავაზა დასაქმებულთა დაზღვევა პაკეტით, რომელშიც შედის სიცოცხლის, კრიტიკული დაავადებებისა და შრომისუნარიანობის დაზღვევა. აღნიშნული სადაზღვევო პაკეტი 20 კრიტიკულ დაავადებასა და Covid-19-ს მოიცავს. სიცოცხლის დაზღვევის ფარგლებში გარდაცვლილის ოჯახის წევრები 15 000-დან 45 000 ლარამდე ერთჯერად ანაზღაურებას მიიღებენ და არ აქვს მნიშვნელობა, იგი ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაიცვალა, თუ სხვა რომელიმე მოულოდნელი მიზეზით. შრომისუუნარობის დაზღვევით კი ერთჯერადად ნაზღაურდება უბედური შემთხვევის შედეგად პირის მიერ შრომის უნარის დაკარგვა.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე იკვეთება რამდენიმე ასპექტი: ა) სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ, რომ ფეხი აუწყონ ახალ მოცემულობას და კორონავირუსის ფონზე შესთავაზონ მომხმარებლებს შესაბამისი პირობები; ბ) კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაზღვევის მიუხედავად, პირს ეხმარება სახელმწიფო და ამ მხრივ გარანტირებულია მისი ჯანმრთელობის დაცვა და გ) თუ ჯანმრთელობის დაზღვევა დაკავშირებულია შრომით ხელშეკრულებაზე, რომელიც პანდემიიდან გამოწვეული მიზეზით შეწყდა, მაშინ შეწყვეტის საფუძვლისა და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების (როგორც შრომითი ხელშეკრულების, ისე მისი შეწყვეტის შესახებ შეთანხმების / დოკუმენტის) შესაბამისად გადაწყდება დაზღვევის ბედი.

 

ნინო ბერიძე