ბავშვთა უფლებების დაცვა მედიაში

ბავშვთა უფლებების დაცვა მედიაში

მაუწყებელი ყოველთვის იყო და იქნება საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი. თუკი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს შეუძლია ზრდასრულ მოქალაქეებზე მოახდინოს ზეგავლენა, მაშინ არასრულწლოვნებზე, მათი ინდივიდად ფორმირების პერიოდში, ამ ზეგავლენის მოხდენა კიდევ უფრო მარტივია. აქ არაა საუბარი მხოლოდ გამიზნულ ზეგავლენაზე, არამედ ასევე არაპირდაპირ და გაუფრთხილებლობით მოქმედებაზე. სწორედ ეს უკანასკნელი უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, რაც გულისხმობს, რომ მაუწყებელი ზრდასრული ადამიანების ინტერესს ანიჭებს უპირატესობას და უგულებელჰყოფს ბავშვთა უფლებებს მავნე და ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებით. აღნიშნულის ნაცვლად, მედიასაშუალებამ (მაუწყებელმა) ორი მხარე უნდა დააბალანსოს და უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, სასწორი გადახაროს ბავშვის უფლებათა დაცვისკენ.

ზოგადად, ბავშვთა უფლებების დაცვა მიმართულია თითოეული არასრულწლოვნის უფლებისკენ, რათა არ მიადგეს მასთ, როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი ქმედებით რაიმე სახის ზიანი. ის ავსებს სხვა უფლებებს, რომელიც უზრუნველყოფს გავნითარებისთვის  საჭირო ინფორმაციის მიღებას.

ყველა ბავშვი, მიუხედავად ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სქესის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციისა, სარგებლობს ზიანისგან ან ბოროტმოქმედებისაგან დაცვის უფლებით.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზეგავლენის საკითხთან დაკავშირებით, ბავშვებზე მრავალი კვლევა ჩატარდა. ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ 50-წლიანი პრაქტიკა ცხადჰყოფს შემდეგს: ძალადობის ამსახველი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზეგავლენის ქვეშ, არასრულწლოვნები იქცევიან უფრო აგრესიულად და ეს ეფექტი მათზე აისახება ზრდასრულ ასაკში, დიდი დროის შემდეგ. მაგრამ სხვა მკვლევარები ამბობენ, რომ მეცნიერული მონაცემები არ ამტკიცებენ იმას, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში ძალადობის ყურება ასევე აჩენს ძალადობას და ამცირებს ადამიანთა მგრძნობელობას მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე გრძელდება დებატები ასეთი მასალის ბავშვთა ქცევაზე უშუალო ზეგავლენის ხარისხზე, მაინც უნდა გახდეს მაუწყებლის პრიორიტეტი — უზრუნველყოს ის, რომ არასრულწლოვნები არ აღმოჩდნენ საფრთხის ქვეშ განსაზღვრული მასალებისადმი მარტივი წვდომის გამო.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ  მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ბავშვთა უფლებათა დაცვაში, მაგრამ არსებობს თუ არა უნივერსალური სტანდარტები, რომელსაც უნდა იცავდეს მაუწყებელი? დღესდღეობით არ არსებობს მაუწყებლის ქცევის საყოველთაო კოდექსი. არის ბევრი რეგიონალური და ეროვნული კოდექსი, ასევე საერთაშორისო კორპორაციები, რომელებმაც თავად შეიმუშავეს საკუთარი პრინციპები. აღნიშნული განპირობებულია მათ შორის იმ გარემოებით, რომ ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, ხდება მედიასტანდარტების განვითარება. მაგალითად, განსხვავებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან (თუმცა მათ შორისაც მოცემულია განსხვავებული მიდგომა), აშშ-ში მედიის თავისუფლება განსხვავებულ შეხედულებას ეფუძნება. შესაბამისად, ერთიანი სტანდარტის დადგენა, რომლითაც მსოფლიოს მედიასაშუალებები იმოქმედებდნენ, ამ ეტაპზე არ არის მიღებული.

აღნიშნულისგან განსხვავდება საერთაშორისო სამართლებრივი მოწესრიგება. ამ მხრივ, ბავშვთა დაცვის საერთაშორი მექანიზმს წარმოადგენს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. მისი მე-17 მუხლი აღიარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე, რომელიც მოწოდებულია ბავშვის სოციალური, სულეირი და მორალური კეთილდღეობის ხელშეწყობისკენ. ამ მიზნით შეიმუშავებენ ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპებს ისეთი ინფორმაციისგან და მასალებისაგან, რომელიც ზიანს აყენებს მის კეთილდღეობას.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ბავშვთა უფლებების დაცვის ძირითადი წესები კანონმდებლობაში აისახა. ეს გახლავთ ― ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც სიმბოლურად ამოქმედდება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ― 2020 წლის 1 ივნისს. კოდექსის 66-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს მაუწყებლის ვალდებულებას, უზრუნველყოს  ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან მისი დაცვა. ასევე, ის ავალდებულებს მაუწყებელს, გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით განისაზღვრა ძირითადი დათქმა, რომელიც ორიენტირებულია სწორედ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვაზე. ამავე  კანონში მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდება ორი ახალი მუხლი (561, 562, ასევე დაკონკრეტდება 56-ე მუხლი), რომელიც ეხება  მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვისა და ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსში ხსენებულ პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმების საკითხს. ამდენად, თუ 2020 წლის 1-ელ ივნისამდე ამავე საკითს აწესრიგებდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მითითებული დროის შემდეგ რეგულირება ნორმატიულ დონეზე იქნება მოცემული. რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა, ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ან არასრულწლოვნის სოციალიზაციას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამათა კატეგორიები განისაზღვრება ასაკის მიხედვით და მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსების დროს სწორედ ასაკი განსაზღვრავს, კერძოდ:

18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა (ანონსი) მაუწყებელმა არ უნდა განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე, ასეთად კი მიიჩნევა პროგრამა, რომელიც შეიცავს:

ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;

ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;

გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;

დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);

ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;

თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;

ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;

კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;

ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;

მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. (*ოკულტიზმი – მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება).

15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა (ანონსი) მაუწყებელმა არ უნდა განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე, გარდა ზემოთ უკვე ჩამოთვლილისა, ასეთად  მიიჩნევა პროგრამა, რომელიც შეიცავს:

ა) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;

ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;

გ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

12 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილ შეუფერებელ პროგრამათა (ანონსების) შემცვლელობა იგივე რჩება, მაგრამ აქ უკვე შეურაცხმყოფელი ლექსიკის კონტექსტით გამართლება დაუშვებელია.

7 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში ყველა ხსენებულ შეზღუდვას ემატება ნებისმიერი ტიპის კინონაწარმოები, რომელსაც შეუძლია ბავშვზე ძლიერი ნეგატიური გავლენის მომხდენა. ზემოთ განხილული ორივე ასაკობრივი კატეგორია დაცული უნდა იყოს ასეთი პროგრამებისგან 6 საათიდან 21 საათამდე.

ყველა შემთხვევისათვის გამონაკლისს წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა.  სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება განუწყვეტლად უნდა მოიცავდეს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, პროგრამა, რომელიც რომელიმე დროითი შეზღუდვით ზღვარს კვეთს, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის დაწყების მომენტისათვის მოქმედ მოთხოვნებს, ხოლო სპეციალური შემზღუდავი ნიშანი უნდა გამოისახოს პროგრამის დაწყებისას და ყოველი სარეკლამო შესვენების შემდეგ, 60 წამის განმავლობაში: „ასაკი არაბული ციფრით“ წრეში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, დაუშვებელია, რომ სათამაშო ბიზნესში ჩართულმა კომპანიამ სპონსორობა გაუწიოს არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, ხოლო კონსკურსების და გათამაშებისას არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი პრიზები უნდა იყოს მათი ასაკის შესაფერისი. სახელმწიფოს რეკომენდაციით, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ კონკურსებში ფულადი პრიზების დაწესება დაუშვებელია.

ამ რეგულაციებს შეიძლება გვერდი აუარონ ფასიანმა სამაუწყებლო არხებმა, მაგრამ მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ არხზე იმოქმედებს სავალდებულო PIN-კოდით დაცული სისტემა, ან სხვა დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვნის დაცვას შეუფერებელი კონტენტისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპია ის, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები. კერძოდ, მან პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ უნდა მოამზადოს და არ უნდა გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლის 25-ე, 26-ე, 27-ე პუნქტების და 44-ე მუხლის შინაარსის თანახმად, მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და უზრუნველყოს ის. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების (პოპულარობის ან სკანდალური იმიჯის) ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო.

18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მათი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, მაგრამ თანხმობის არარსებობა დაშვებულია, თუ განხილვის საგანი არ არის მნიშვნელოვანი, ან შეესაბამება ბავშვის სოციალურ სტატუსს, თუ პროგრამაში მონაწილეობა უმნიშვნელოა ან მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. არასრულწლოვნის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.

18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის შეკითხვის დასმა დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კითხვები არ შეეხება სადავო ფაქტებს ან მოვლენებს, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა.

საბოლოო ჯამში, ყველა რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვას, იმედის მომცემია, რადგან მაუწყებელი ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ამ მხრივ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვერ გახდება ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მაქსიმალური პრევენციის მქონე წინაპირობა. ამ მხრივ კი მშობელების და სკოლის აქტივობა (ჩართულობა) თამაშობს გადამწყვეტ როლს. განსაკუთრებით ყურადსაღებია მედიაგანათლება, რომელსაც

 

ტასო შანავა