არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები

არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები

შრომის უფლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებათა რიცხვს განეკუთნება, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლიც აღიარებს შრომის თავისუფლებას. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი არასრულწლოვანი დაინტერესებულია საკუთარი, დამოუკიდებელი „ჯიბის ფულის“ ქონით და ამ მიზნით ისინი საქმდებიან და იწყებენ სამსახურს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ ასეთი დასაქმებულების შრომა რეგულირდება განსხვავებულად, მათი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების სტადიის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანს წარმოადგენს ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. ამ მიზნის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის შრომასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორც საზოგადოების განვითარების აუცილებელ წინაპირობაზე, ორიენტირებას (1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები შეიძლება იყოს შრომით ვალდებულებებთან დაკავშირებული ღონისძიებები.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ეკონომიკური აქტივობა გულისხმობს ანაზღაურების სანაცვლოდ რაიმეს წარმოებას ან მომსახურების გაწევას. არასრულწლოვანი ითვლება დასაქმებულად, თუ ის მუდმივად ან დროებით ჩართულია ეკონომიკურ საქმიანობაში, ან კვირის განმავლობაში არანაკლებ ერთი საათისა, უსასყიდლოდ მუშაობს ოჯახის საწარმოში თუ მეურნეობაში.

პირველ რიგში, საინტერესოა თავად არასრულწლოვნის ცნება, რომელიც ორგანულ კანონში — შრომის კოდექსში ერთმნიშვნელოვანი არაა. ბუნდოვანება განპირობებულია სამოქალაქოსამართლებრივი ქმედუნარიანობის განსხვავებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ-ის)  მიხედვით, სრულწლოვანად და ქმედუნარიანად ითვლება 18 წელს ზემოთ შერაცხადი პირი ან არასრულწლოვანი, რომელიც თექვსმეტი წლის ასაკიდან უძღვება საწარმოს მართვას, რითაც ხდება მისი ემანსიპაცია, (სსკ-ის 65-ე მუხლი). შრომის კოდექსმა სხვაგვარი სტანდარტი დაადგინა —  კოდექსის მე-4 მუხლით, სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან, რაც შეესაბამება სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ კონვენციისა და დირექტივების მოთხოვნებს.  მაგრამ 16 წლიდანაც არასრულწლოვნები ბოლომდე არ არიან გათანაბრებულნი სრულწლოვან დასაქმებულებთან, შეზღუდვები განსხვავდება ასაკობრივ ჯგუფეფების მიხედვით, კერძოდ:

16-18 წელი — როგორც უკვე ზემოთ ითქვა, თექვსმეტი წლიდან არასრულწლოვანს უფლება აქვს დადოს შრომითი ხელშეკრულება და დამოუკიდებლად გამოვიდეს შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. მაგრამ სრულწლოვანი დასაქმებულებისგან განსხვავებით, მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს (მე-14 მუხლის მე-3 ნაწილი) და აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) მათი დასაქმება (მე-18 მუხლი).

14-16 წელი — შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მხოლოდ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც. ინტერესების დაცვის აუცილებლობა ასევე ხაზგასმულია ბავშვის უფლებათა კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ორ ნაწილში, რომელიც იცავს არასრულწლოვანს შრომის საზიანო ფორმებისგან და განამტკიცებს, რომ ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან თითოეული ბავშვის დასაცავად სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთ შეზღუდვას, 2013 წლის ცვლილებებით, 16 წლამდე პირების სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში არაუმეტეს 24 საათით (შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილი). ბუნებრივია, ღამის სამუშაოს შეზღუდვა აქვაც მოქმედებს.

ასევე, გათვალისწინებულია დასაქმებულთა საგამონაკლისო წრე — 14 წლამდე ბავშვები, კოდექსი პირდაპირ გვაძლევს მათთვის დასაშვებ სამუშაოთა სახეების ამომწურავ ჩამონათვალს. ასეთ პირებთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად, კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა და ბავშვის ინტერესების ხელყოფის დაუშვებლობა ამ შემთხვევაშიც ძალაშია. 14 წლამდე ასაკის პირისათვის მუშაობის ნების დართვით კანონმდებელი აძლევს მათ საკუთარი ნიჭის განვითარების შესაძლებლობას, და ამაში ძირითად მიზნად გასამრჯელოს მიღება არაა ჩადებული. მთავარია, ამ ყველაფერმა ბავშვს ხელი არ შეუშალოს სწავლაში.

სამწუხაროდ, შრომითი კანონმდებლობა არაფერს ამბობს თვითდასაქმებულ ბავშვებზე, რომელთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია სოფლის მეურნეობაში მომუშავეთა სახით. ამ პრობლემაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მითითებაც კი მოხდა.

აღსანიშვანია, რომ აკრძალულია არასრულწლოვანთან (18 წლამდე) შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად, ასევე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად (მე-14 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები). მიუხედავად შრომითი ურთიერთობის ქმედუნარიანობის უფრო დაბალი ასაკისა (16 წელი), საქმიანობის ზემოთ ხსენებულ სფეროებში დაწესებული შეზღუდვა განპირობებულია არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებას შესაძლო ხელის შეეშალით მსგავსი სამუშაოს შესრულებით. ამ დებულების აღსრულებისათვის მთავრობას დადგენილი აქვს სფეროთა ნუსხა (დადგენილება „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“). ამასთან, ბავშვის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვის მიზნით აკრძალულია ბავშვის მიერ შრომითი საქმიანობის ისეთ დაწესებულებაში განხორციელება, სადაც ხდება ალკოჰოლიანი სასმლის, ეროტიკული პროდუქციის, ტოქსიკური ნივთიერების, სამედიცინო მიზნით გამოყენებისთვის ნებადართული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ან/და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ან რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი დაწესებულება ან ღამის გასართობი დაწესებულება. ამ ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებს შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო.

შრომის კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო. ევროპული სოციალური ქარტიის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნვლყოფის მიზნით საქართველო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი შეადგენდეს 18 წელს იმ საქმიანობის მიმართ, რომლებიც მიიჩნევიან სახიფათო ან არაჯანმრთელ სამუშაოებად. ამ ვალდებულების შესრულებას კი ადასტურებს შრომის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.  .

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია არასრულწლოვნის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება აკრძალულია მისი თანხმობის გარეშე (შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი).

შრომის კოდექსით არასრულწლოვნისთვის დადგენილია შვებულების იგივე ხანგრძლივობა, როგორც სრულწლოვანი პირებისთვის (არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღე), მაგრამ განსხვავება გვხდება 25-ე მუხლში, რომლითაც აკრძალულია არასრულწლოვნის (18 წლამდე) ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისთვის.

შრომის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს, რაც შეიძლება გახდეს დავის საგანი ამ ურთიერთობაში მონაწილე სამივე მხარეს შორის.

ყოველივე ზემოხსენებული რეგულაციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დამსაქმებლის როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 424 მუხლი შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევისთვის ითვალისწინებს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან კი ამოქმედდება ამავე კოდექსის 1701 მუხლი, რომლის თანახმად, არასრულწლოვნის ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა ან/და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად გამოყენება, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისათვის, ან არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, მისი 168-ე და 169-ე მუხლები ითვალისწინებენ შემდეგ დანაშაულებს: შრომის თავისუფლების ხელყოფა, ესე იგი ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ამ დანაშაულებისთვის სანქცია შეიძლება იყოს ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

ტასო შანავა